შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 55 პირი დააკავა, მათ შორის 37 ნარკორეალიზატორია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, აჭარის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის და კახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 55 პირი დააკავეს, მათ შორის 37 ნარკორეალიზატორია.

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ნარკოტიკული საშუალების გასაღებისა და გასაღების მცდელობისთვის დაკავებული პირები ნარკოტიკული საშუალებების გასაღების სქემებში იყვნენ ჩართული, კერძოდ სხვადასხვა ინტერნეტაპლიკაციისა და სოციალური ქსელების მეშვეობით, შემდგომში რეალიზაციის მიზნით, კონკრეტულ ლოკაციებზე ათავსებდნენ ნარკოტიკულ საშუალებას, რასაც შემდგომ შესაბამისი აღნიშვნებითა და კოორდინატებით უგზავნიდნენ ნარკოტიკული საშუალების შეძენით დაინტერესებულ პირებს. სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, ასევე, პირადი, ავტომანქანების და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები: „კოკაინი“, „ჰეროინი“, „სუბუტექსი“, „ჰაშიში”, „მდმა“, „ალფა-პვპ“, „სუბოქსინი”, ე.წ. სინთეტიკური ნარკოტიკი, „მეტამფეტამინი“, „მეტადონი“, „ტრამადოლი“, „მეფედრონი”, “ამფეტამინი“, „მარიხუანა“ და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე – კანაფი.

ასევე ამოღებულია მცირე ზომის ელექტროსასწორები, მარიხუანას კულტივაციისთვის განკუთვნილი შესაბამისი მოწყობილობა, წებოვანი ლენტები და სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული. ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ერთ-ერთი პირისგან ასევე ამოღებულია ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 26 ვაზნა და 2 მჭიდი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე, 262-ე, 265-ე, 273 პრიმა, 19-273-ე პრიმა, 18-273-ე პრიმა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები