მამუკა მდინარაძე – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევაზე: ჩემი და შენი რას ნიშნავს – ერთადერთი კრიტერიუმია, რომ იყოს კომპეტენტური
„ჩემი და შენი რას ნიშნავს”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის დარჩენილ კანდიდატების არჩევის საკითხზე საუბრისას აღნიშნა.
მისი თქმით, კანდიდატების შერჩევა კომპეტენტურობის მიხედვით მოხდება.
„ჩემი და შენი რას ნიშნავს. იმის და ამის აქ არავინ არის. ერთადერთი კრიტერიუმია, რომ იყოს კომპეტენტური, არ დააზიანოს სასამართლოს, მისი დამოუკიდებლობის ინტერესები და შესაბამისი კომპეტენცია გააჩნდეს ადამიანს. ეს ყველაფერი უნდა გამოჩენილიყო გასაუბრებაზე. სხვანაირად როგორ უნდა შეაფასო, 30-ვე ადამიანს ხომ არ იცნობს პირადად არავინ. როგორც ირაკლი კობახიძემ თქვა, როგორც კი შევხედავთ, რომ მათი [ოპოზიციის] კლასტერის წარმომადგენელია, ეს იქნება არჩევის გამომრიცხველი გარემოება ჩვენთვის“, – განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2 ახალი წევრის ასარჩევად მესამე ტური 30 მაისს გაიმართება.