მაია ბითაძე ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის დირექტორს შეხვდა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის დირექტორს ენტონი სმიტს შეხვდა. შეხვედრაზე ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდსა და კომიტეტს შორის თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

პარლამენტის ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გარემოსდაცვითი მიმართულებით ფონდის მხარდაჭერით განხორციელებულ პროექტებზე. საუბარი შეეხო თემატურ მოკვლევებს როგორც დეკარბონიზაციის, ასევე დაბალემისიიანი მდგრადი სატრანსპორტო მობილობის მიმართულებით. განსაკუთრებით აღინიშნა კლიმატის ცვლილების კანონის პროექტი, რომლის მწვანე წიგნი უკვე შემუშავებულია და საჯარო კონსულტაციები მიმდინარეობს.

აღინიშნა, რომ სავარაუდოდ, ზაფხულის ბოლოს უკვე შემუშავდება თეთრი წიგნი და შემოდგომაზე მისი საჯარო განხილვებიც დაიწყება, რასაც შემდგომში კლიმატის ცვლილების კანონპროექტის შემუშავება მოჰყვება.
მაია ბითაძემ სტუმარს ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, გარემოსდაცვითი მიმართულებით შემუშავებული საკანონმდებლო აქტები გააცნო, კერძოდ, წყლის რესურსების მართვის შესახებ, სამრეწველო ემისიების შესახებ კანონპროექტები და გამონაბოლქვის შემცირების მიზნით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები; ისაუბრა გარემოსდაცვითი მიმართულებით კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ. შეხვედრაში მონაწილეობდნენ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სალომე ქურასბედიანი, ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის წარმომადგენლები რობ ვან ლიუვენი, ლაშა ნაკაშიძე და ქეთევან ჩადუნელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები