ბათუმში ფრიდონ ხალვაშის ბიუსტი განთავსდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ქართველი მწერლის, პოეტისა და პუბლიცისტის, ფრიდონ ხალვაშის ბიუსტის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. თორნიკე რიჟვაძემ შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და საქართველოს, აჭარის წინაშე ფრიდონ ხალვაშის ღვაწლსა და დამსახურებაზე ისაუბრა.
ბიუსტი ბათუმში მწერალთა სახლის მიმდებარედ დაიდგა და მისი ავტორი მოქანდაკე თეიმურაზ მახარაძეა.
ძეგლის გახსნა ,,ფრიდონობას” მიეძღვნა, რომელიც უკვე წლებია, ტრადიციულად პოეტის დაბადების დღეს აღინიშნება.
თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, მიღებულია გადაწყვეტილება დაწესდეს ფრიდონ ხალვაშის სახელობის სტიპენდია ახალგაზრდა მწერლებისთვის. „ბათუმში ყველასათვის საყვარელი მწერლის, ფრიდონ ხალვაშის ბიუსტი განთავსდა. ჩვენთვის საამაყო და სამაგალითოა ის გავლილი გზა, რასაც ჰქვია ფრიდონ ხალვაშის მოღვაწეობა. აქტიურად ვმუშაობთ სოფელ გეგელიძეებში ფრიდონ და ზაზა ხალვაშების სახლ-მუზეუმის და კინოსტუდიის მოწყობისთვის. ახალგაზრდებში მოტივაციის გაზრდისა და ფრიდონ ხალვაშის სახელის უკვდავსაყოფად, მივიღეთ გადაწყვეტილება დავაწესოთ ფრიდონ ხალვაშის სახელობის სტიპენდია ახალგაზრდა მწერლებისთვის”, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ სიტყვით გამოსვლისას.
ბიუსტის გახსნის ღონისძიებას დღეს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, მწერლის ოჯახის წევრები, კოლეგები ესწრებოდნენ.