პარლამენტმა „დაზღვევის შესახებ” კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა, პირველი მოსმენით, 84 ხმით, ერთხმად მიიღო მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „დაზღვევის შესახებ” კანონში” შესატანი ცვლილებები, რომელიც სადაზღვევო კომპანიების საქმიანობას ეხება.

პარლამენტის ინფორმაციით, საკანონმდებლო ცვლილებები განაპირობებს სადაზღვევო ორგანიზაციების მართვის სისტემის სრულყოფისა და ფინანსურ სექტორში არსებული საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის, მზღვეველის მიერ სადაზღვევო საქმიანობის განხორციელებისას მტკიცებულებაზე დაფუძნებული გათვლების უფრო სიღრმისეული და მრავლისმომცველი გამოყენების აუცილებლობას.

კანონპროექტი მზღვეველს (სადაზღვევო კომპანიას) ავალდებულებს სადაზღვევო საქმიანობის პროცესში ჰყავდეს აქტუარი – ფიზიკური პირი, რომლის საქმიანობის მიზანია მზღვეველის რისკების, მათ შორის მათი ეფექტური მართვის მეთოდების და ფინანსური ვალდებულებების შესწავლა-ანალიზი, სადაზღვევო რეზერვების გაანგარიშების კოორდინირება და სადაზღვევო პრემიის ადეკვატურობის შეფასება შესაბამისი მათემატიკური და სტატისტიკური მეთოდების გამოყენებით. პროექტით, ერთი მხრივ, სადაზღვევო ორგანიზაციის მენეჯმენტის საქმიანობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, დაინერგება მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოში აუდიტის კომიტეტის შექმნისა და დაკომპლექტებისათვის აუცილებელი, ფინანსური სექტორისათვის დამახასიათებელი საერთაშორისო სტანდარტით დადგენილი კონკრეტული მოთხოვნები. მეორე მხრივ, შეიქმნება „დაზღვევის შესახებ” და „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონების მოთხოვნების ერთობლიობაში აღქმის და აღსრულების ზუსტად გაწერილი შესაძლებლობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები