ელექტროენერგეტიკული ბაზრის მონაწილე კომპანიები ბაზრის გახსნისთვის ემზადებიან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის რომეო მიქაუტაძის ხელმძღვანელობით ელექტროენერგიის მწარმოებელი და მსხვილი მომხმარებელი კომპანიების ხელმძღვანელებთან საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის გახსნასა და ენერგეტიკული ბაზრის რეფორმასთან დაკავშირებულ სიახლეებზე დისკუსია გაიმართა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) თავმჯდომარე დავით ნარმანია, ენერგეტიკული ბირჟის დირექტორი ირინა მილორავა, საქართველოს ენერგეტიკული განვითარების ფონდისა და სახელმწიფოს ელექტროსისტემისა და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორების წარმომადგენლები. მინისტრის პირველი მოადგილის რომეო მიქაუტაძის განცხადებით, ელექტროენერგეტიკული ბაზრის მიმდინარე რეფორმა დღეს არსებულ მოდელს თვისობრივად ცვლის.

მისი თქმით, უნდა ჩამოყალიბდეს ბაზრის ისეთი მოდელი, რომელიც სწორ საფასო სიგნალებს მისცემს როგორც გენერაციის ინვესტორებს, ასევე მომხმარებლებს.

„ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ ბაზრის ამოქმედების დროისთვის მისი ყველა მონაწილის პოზიცია მაქსიმალურად იყოს დაახლოებული. „რა თქმა უნდა, ბაზრის გახსნას ექნება გამოწვევები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ აქამდე ჩატარებული მოსამზადებელი სამუშაოები, ინტენსიური თანამშრომლობა ბაზრის პოტენციურ მონაწილეებთან, მათ მინიმუმამდე დაიყვანს. ბაზრის ამოქმედება გაზრდის ქვეყნის ელექტროენერგეტიკულ სექტორის მდგრადობას და დადებითად აისახება მის უსაფრთხოებასა და კონკურენტუნარიანობაზე,” – განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.

„ენერგეტიკის დარგში მომუშავე კომპანიები აქტიურად ემზადებიან ბაზრის გახსნისთვის, შესაბამისად, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია აქტიურ რეჟიმში ცდილობს სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის პირდაპირი კომუნიკაციის დამყარებას, რაც ორმხრივად სარგებლის მომტანი იქნება. ვიმედოვნებთ, რომ პროცესი ჰარმონიულად წარიმართება. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოსა და დარგში მოღვაწე ბიზნეს ოპერატორებს შორის მიმდინარეობს კონსულტაციების პროცესი, რაც პოზიციებს მაქსიმალურად დააახლოებს,” – განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

შეხვედრის ფარგლებში განიხილეს, ელექტროენერგიის ბაზრის სამიზნე მოდელი, მისი კონცეფცია და აღსრულების მექანიზმები. საუბარი შეეხო ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარს, არსებული ორმხრივი ხელშეკრულებების მისადაგებას ახალ მოდელთან და დეტალურად გაანალიზდა დღით ადრე და დღიური ბაზრის პრინციპები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები