ნიკოლოზ სამხარაძე: ყველას მიმართ ჩემი მოწოდებაა, რომ ეს რამდენიმე თვე მაქსიმალურად გამოვიყენოთ, რათა ევროკავშირის წევრობის გზაზე დიდი ნაბიჯი გადავდგათ

„ეს ერთგვარი ნაწილია იმ დიდი გეგმის, რომლის მიხედვითაც ჩვენ ვცდილობთ მოვიცვათ ევროკავშირის ყველა სახელმწიფოს დედაქალაქი და ვესაუბროთ მათ იმ პროგრესსა და გამოწვევებზე, რომელიც საქართველოს აქვს”, – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ საპარლამენტო დელეგაციების ვიზიტების შეჯამებისას, რომლებიც წინა კვირას, პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით მალტასა და იტალიაში გაიმართა.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის პოზიტიური და მეგობრული გარემო, რომელიც ჩვენ რომში დაგვხვდა. ასევე ძალიან ყურადსაღები იყო ის განცხადება, რომელიც ჩვენ იტალიის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარისგან მოვისმინეთ, რომელმაც აღნიშნა, რომ მისთვის დღემდე გაუგებარია თუ რატომ ვერ მიიღო საქართველომ კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად. მან განსაკუთრებით გამოყო ის როლი, რომელიც ევროპის უსაფრთხოებისთვის საქართველოს აქვს და მომავალშიც შეიძლება ჰქონდეს. საპარლამენტო დელეგაციამ ორივე ქვეყნის დედაქალაქში უმაღლესი თანამდებობის პირებისგან პრაქტიკულად გარანტიები მივიღეთ, რომ როგორც იტალია ასევე მალტა დეკემბერში მხარს დაუჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ასევე ნებისმიერ იმ სხვა ნაბიჯსაც, რომელიც ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოებას დაეხმარება”, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით ევროპაში განწყობა შეცვლილია და ეს ბოლო ორი თვის განმავლობაში განხორციელებული ვიზიტებისას წარმოჩნდა.

„ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ეს მომენტი და ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, სრულიად საქართველოს პოლიტიკურმა სპექტრმა ერთად უნდა ვიმუშაოთ ამ მიზნის მისაღწევად. სამწუხაროდ, ჩვენი უცხოელი პარტნიორებისგან ჩვენ ჯერ კიდევ გვესმის, რომ საქართველოში არსებობენ პოლიტიკური პარტიები და ძალები, რომლებიც ცდილობენ საქართველოს პროგრესი და ის იმიჯი, რომელიც მას აქვს, დააზიანონ. ამიტომ დარჩენილია რამდენიმე თვე და ჩვენ ევროპულ დედაქალაქებში გავაგრძელებთ საპარლამენტო ვიზიტებს და ყველას მიმართ ჩემი მოწოდება იქნება, რომ ეს რამდენიმე თვე მაქსიმალურად გამოვიყენოთ რათა ევროკავშირის წევრობის გზაზე დიდი ნაბიჯი გადავდგათ”, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები