თბილისსა და რეგიონებში, კლასიკური მუსიკის კონცერტებისა და საბალეტო წარმოდგენების ხელშეწყობის მიზნით, კულტურის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი – „კლასიკური მუსიკის კონცერტებისა და საბალეტო წარმოდგენების ხელშეწყობა თბილისსა და რეგიონებში“. კონკურსის პირობებსა და ვადებზე კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ბრიფინგზე ისაუბრა.
„კონკურსისთვის გამოყოფილია 160 000 ლარი და მისი მიზანია კლასიკური მუსიკალური და საბალეტო ხელოვნების პოპულარიზაცია; საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა და საშემსრულებლო ანსამბლების/საბალეტო დასების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა; საშემსრულებლო და შემოქმედებითი ინიციატივების ხელშეწყობა და შემოქმედებითი პროცესების გააქტიურება; რეგიონებში კულტურის ხელმისაწვდომობა.
2022 წელს ამ კონკურსის ბიუჯეტი იყო 220 000 ლარი. კონკურსში მონაწილეობდა 20 პროექტი. გამოვლინდა ცხრა გამარჯვებული.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს. ცალკეულ კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი საპროექტო განაცხადის წარმოდგენა. კონკურსში შეიძლება უპირატესობა მიენიჭოს პროექტს, რომლის წარმდგენ პირს აქვს ფილარმონიული საქმიანობის ან ისეთი კლასიკური სამუსიკო და საბალეტო პროექტების განხორციელების გამოცდილება, რომლებიც გამოირჩევა მრავალფეროვანი, საინტერესო პროგრამით და მონაწილეებით; ასევე – რომელსაც აქვს თანადაფინანსება.
საკონკურსო პროექტი/ღონისძიება უნდა დაიწყოს არაუადრეს 2023 წლის 15 ივნისისა და დასრულდეს არაუგვიანეს 2023 წლის 15 ნოემბრისა.
საკონკურსო განაცხადები მიიღება 2023 წლის 12 მაისიდან 2023 წლის 22 მაისის 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი სანაპიროს ქ. N4 ნაბეჭდი სახით, ან სამინისტროს ოფიციალური ელექტრონული ფოსტით – info@culture.gov.ge ელექტრონული დოკუმენტის სახით. კონსულტაციების მიღება შეიძლება სამინისტროს ცხელი ხაზის მეშვეობით, ტელ.: 032 2 022229 ან 599 79 10 18, სამუშაო საათების განმავლობაში.
ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გამოქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე არაუგვიანეს 2023 წლის 6 ივნისისა“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის N7864 ბრძანება „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობებისა და დაფინანსების წესის შესახებ“ და ფორმულარები იხილეთ ბმულებზე:
დაფინანსების წესი – https://cutt.ly/7PGB6Oh
ფორმულარები – https://cutt.ly/ePGNsau
საკონკურსო პირობები – https://cutt.ly/L6vDm8x