„ჩვენ – გადარჩენილები“ – გელა პატიაშვილის პერსონალური გამოფენა და კატალოგის წარდგენა გაიმართება

14 მაისს, 17:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ  გალერეაში მხატვარ გელა პატიაშვილის პერსონალური გამოფენა „ჩვენ – გადარჩენილები“ გაიხსნება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენასთან ერთად კატალოგის წარდგენაც გაიმართება. კურატორი – ქეთევან კორძახია.
„საგამოფენო პროექტის იდეა ორი წლის წინ დაიბადა, პანდემიის პირობებში კი ის უფრო აქტუალური გახდა. გამოფენის თემა უნივერსალურია. ის ნოეს კიდობნის თანამედროვე ინტერპრეტაციაა და ნოესთვის მინიჭებულ იმ უფლება-მოვალეობებს გულისხმობს, რომლებსაც ბიბლიურ კონტექსტში განმარტება არ სჭირდება.
კიდობანში ერთხელ უკვე მოხვედრილთა გენეტიკური კოდის მატარებლები კვლავ კიდობნის შესასვლელთან ვდგავართ გადარჩენის იმედით. რომელი გენეტიკური კოდი შეეწირება კლიმატურ ცვლილებებსა და მოვლენილ ეპიდემიებს, როგორ გადაწყვეტს მათ ბედს უფალი და როგორ გადაწყვეტენ ისინი – კოდები, თავიანთ ბედს? ეს გენეტიკური კოდების გადარჩენის ისტორიაა. გამოფენაზე, ფერწერულ ნამუშევრებთან ერთად, წარმოდგენილია მხატვრის მიერ აწყობილი საგამოფენო ობიექტი“, – ნათქვამია ეროვნული მუზეუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ხელოვანის შემოქმედებითი საქმიანობა მეტწილად საფრანგეთს უკავშირდება. გელა პატიაშვილმა 1986 წელს დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, მერე კი მის პროფესიად ხატვა იქცა, რომლითაც ბავშვობიდან იყო გატაცებული. მხატვარმა 30 წელი იცხოვრა საფრანგეთში. პარიზის სტუდიებში (Saban Entertainment, Gaumont Animation, Fargo Studio, Millimages) მონაწილეობდა ანიმაციური ფილმებისა და სერიალების შექმნაში, საქმიანობდა სარეკლამო სფეროსა და კინემატოგრაფში. მხატვარმა რამდენიმე ათეულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა და თხუთმეტამდე პერსონალური გამოფენა გამართა. 2018 წლიდან ის კვლავ საქართველოშია. ასწავლის ანიმაციურ კინოხელოვნებას ორ უნივერსიტეტში, აქტიურად მონაწილეობს მხატვრულ პროექტებში; გამოცემული აქვს რამდენიმე წიგნი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები