ალუდა ღუდუშაური: ჩვენს ქვეყანაში ისევე არის მომხმარებელთა უფლებები დაცული, როგორც ევროპის ნებისმიერ წამყვან ქვეყანაში

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ალუდა ღუდუშაური კონკურენციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე სააგენტოს საქმიანობაზე, მიმდინარე სამუშაოსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

„კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მივიღეთ, რა გაკეთდა ამ პერიოდის განმავლობაში მომხმარებელთა ინტერესების დაცვის კუთხით, ბიზნესგარემოს, კონკურენციის გაუმჯობესების მიზნით. ასევე, მოვისმინეთ დაგეგმილი ღონისძიებებისა და გასატარებელი რეფორმების თვალსაზრისით ხედვა“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

მისი თქმით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონის ამოქმედება 2020-2024 წლის მოწვევის პარლამენტის ძალიან თამამი და რევოლუციური ნაბიჯი იყო.

„ვერცერთი მოწვევის პარლამენტში ვერ მოხერხდა მომხმარებელთა უფლებების შესახებ კანონის მიღება, რომელიც პირდაპირ არის ევროინტეგრაციის კუთხით ჩვენი ქვეყნის ვალდებულება და ეს შევასრულეთ. მართლაც შთამბეჭდავი კანონია, რომლითაც ისევე არის მომხმარებელთა უფლებები დაცული, როგორც ევროპის ნებისმიერ წამყვან ქვეყანაში“, – აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.

მისივე თქმით, პარლამენტის, მთავრობის და კონკურენციის სააგენტოს ერთობლივ საქმიანობას აქვს დიდი მნიშვნელობა.

„შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქე არის უფრო მეტად დაცული, ქვეყანაში მომხმარებლის უფლებები არის კიდევ უფრო დაცული, ვიდრე არაერთ წამყვან ქვეყანაში“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები