საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის რეკომენდაციები განიხილა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სხდომაზე განიხილა და დაამტკიცა კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები ანგარიშზე – „საჯარო სექტორში დისტანციური მუშაობისთვის ეფექტიანი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა”.
როგორც აუდიტის ჯგუფის ხელმძღვანელმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ განაცხადა, აუდიტის ჯგუფმა შეისწავლა დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადასვლის მიზნით მიღებული მმართველობითი გადაწყვეტილებები და მათი განხორციელების ეფექტიანობა პანდემიის პერიოდში.
აუდიტის პერიოდია 2019-2020 წლები. მისივე თქმით, აუდიტის სამსახურის მიერ გამოვლენილ 3 მიგნებასთან დაკავშირებით 2 რეკომენდაცია გაიცა. მისივე თქმით, რეკომენდაციებთან დაკავშირებით აუდიტის ობიექტებთან არსებობს თანხმობა და შემუშავდება სამოქმედო გეგმა.