მედიის ცნობით, შარლ მიშელი ბრიუსელში აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს შეხვდება
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ბრიუსელში, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდება, – ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times-ი დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ევროკავშირის ორმა ოფიციალურმა პირმა POLITICO-ს დაუდასტურა, რომ მოლაპარაკებები 13-14 მაისს არის დაგეგმილი, მაგრამ დღის წესრიგი ჯერ ოფიციალურად არ გამოკვეთილა.
სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს.
ბაქოსა და ერევნის წარმომადგენლებს შორის ბოლო შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის შუამავლობით გასულ კვირას ვაშინგტონში გაიმართა.