საჯარო რეესტრის უფროსმა მეგობრის ერთი შვილი მოკლა, მეორე კი მძიმედ დაჭრა – ტრაგედიის დეტალები

ადიგენის ტრაგედიამდე, მკვლელობაში ეჭვმიტანილი და გარდაცვლილის მამა მარიამობის დღესასწაულს ერთად აღნიშნავდნენ. „კვირას“ ინფორმაციით, დანაშაულში ეჭვმიტანილმა დავით კუბლაშვილმა, სანადირო თოფიდან გასროლით, კარის მეზობლისა და მეგობრის შვილი ბაჩანა სირბილაძე ადგილზევე მოკლა, ხოლო მეორე – ბექა სირბილაძე გულ-მკერდის არეში დაჭრა. პრეისტორია: 28 აგვისტოს, ადიგენის რაიონის საჯარო რეესტრის უფროსი დავით კუბლაშვილი მეგობრებთან ერთად მარიამობის დღესასწაულს აღნიშნავდა. სადღესასწაულო სუფრა ადიგენის რაიონის სოფელ ყარაათუბანში, დავით კუბლაშვილის საკუთარ სახლში იყო გაშლილი. დავით კუბლაშვილის სტუმრებს შორის, გარდაცვლილი ბაჩანა სირბალიძის მამაც იმყოფებოდა.
მასპინძილმა, საღამოს საათებში შვილი, მირზა კუბლაშვილი მაღაზიაში სიგარეტის შესაძენად გააგზავნა.
როგორც „კვირას“ ადიგენის რაიონის საკრებულოს წევრმა ნინო ჩოგოვაძემ განუცხადა, მირზა კუბლაშვილს მაღაზიასთან თანასოფლელები შეხვდნენ და სწორედ იქ მოხდა ინციდენტი. „მაღაზიასთან თანასოფლელები შეხვდნენ. როგორც სოფელში ამბობენ, ჩხუბი რაღაც წვრილმანზე მომხდარა, რატომ დამეჯახეო, ამის შემდეგ ბიჭებს შორის ჩხუბი ამტყდარა. იქ თურმე ლუდს სვამდნენ, სავარაუდოდ ყველა ნასვამი იყო. მერე მირზას მამისთვის ტელეფონით დაურეკავს, მომეხმარეო. მთვრალი დავით კუბლაშვილიც მისულა იქ და ბიჭები სანადირო თოფით მოუკლავს“ – აღნიშნა ნინო ჩოგოვაძემ.
როგორც „კვირას“ იუსტიციის სამინისტროში განუცხადეს, დავით კუბლაშვილი ადიგენის რაიონის საჯაროო რეესტრში 2004 წლიდან მუშაობს, თავდაპირველად ის საჯარო რეესტრის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, ხოლო 2005 წლიდან დანაშაულის ჩადენამდე საჯარო რეესტრის უფროსი იყო. შს სამინისტროს ინფორმაციით, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 44 წლის დავით კუბლაშვილი.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა ადიგენის რაიონში, სოფელ გორგულის ხიდთან, ურთიერთშელაპარაკებისას, მისივე მფლობელობაში არსებული სანადირო თოფით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 1987 წელს დაბადებულ ვაჟა ნ-ს, 1994 წელს დაბადებულ გიორგი ს-ს, 1989 წელს დაბადებულ ბორის ს-ს და დაჭრა 1992 წელს დაბადებული ბექა ს. სამივე მათგანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ. დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით). ადიგენში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, 26 წლის ვაჟა ნარიმანიშვილის, 20 წლის გიორგი სიბრილაძისა და 23 წლის ბაჩანა (ბორის) სირბილაძის ცხედრები ადიგენის რაიონის, სოფელ ყარაათუბანში, სახლში მიასვენეს. რაც შეეხება, ინციდენტის დროს კიდევ ერთ დაჭრილს, ბექა სირბილაძეს, რომელიც გარდაცვლილი ბაჩანა სირბილაძის ძმაა, ის ადიგენიდან თბილისში რეანომობილით გადმოიყვანეს.
აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილებს შორის ვაჟა ნარიმანიშვილს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.( ფოტოზე გარდაცვლილი ვაჟა ნარიმანიშვილია)
ადიგენის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, ზურაბ ჩილინგრაშვილის განცხადებით, ეჭვმიტანილმა შური სავარაუდოდ საკუთარი შვილის გამო იძია: „დავით კუბლაშვილს ვიცნობდი, ადიგენის რაიონში მუშაობდა, იყო საჯარო რეესტრის თანამშრომელი. მეგობრები ამბობენ, რომ თურმე ყოველ დღე გამოდიოდა და ამ თოფით ისროდა, დაღუპულ ახალგაზრდებს და ამ კუბლაშვილის შვილს რაღაც კონფლიქტი მოსვლიათ, ალბათ მამა გამოვიდა და შური იძია. მოუძებნია ეს ახალგაზრდები და თოფით დაუხოცია“, – აცხადებს ჩილინგარაშვილი.

იზა შაქარაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები