გენდერული თანასწორობის საბჭო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრებს აგრძელებს
გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი და საბჭოს წევრი ბაია კვიციანი გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში, თბილისის 133-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ.
პარლამენტის ინფორმაციით, საბჭოს წევრები მოსწავლეებს ესაუბრნენ: გენდერული თანასწორობის საბჭოს სტრუქტურასა და საქმიანობაზე, ქალების როლზე ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში, თანასწორობასა და ტოლერანტობაზე.
ნინო წილოსანმა და ბაია კვიციანმა ყურადღება გაამახვილეს გენდერული დისკრიმინაციის ფორმებზე, გენდერულად მგრძნობიარე კანონმდებლობაზე, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მნიშვნელობაზე საქართველოში, ქალების ჩართულობაზე პოლიტიკაში, გენდერულ კვოტაზე, როგორც პოლიტიკურ ცხოვრებაში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის ერთ-ერთ მექანიზმზე. მოსწავლეებმა, ასევე დაათვალიერეს პარლამენტის სასახლე და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი.