ნიკოლოზ სამხარაძე იაპონიის პარლამენტში მოქმედ, საქართველო-იაპონიის მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტში იაპონიის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ სამხარაძე იაპონიის პარლამენტის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და იაპონიას შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში არსებული თანამშრომლობა, საპარლამენტო ურთიერთობები და ეკონომიკის, კულტურის, ტურიზმის, განათლებისა და ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები.
შეხვედრისას მიმოიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ვითარება და ამ პროცესში, საქართველოს მნიშვნელოვანი სამშვიდობო როლი. ნიკოლოზ სამხარაძემ იაპონელ კოლეგებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ ვითარებაზე და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე ინფორმაცია მიაწოდა. ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას. მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები, 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი და განხორციელებული რეფორმები. შეხვედრაში იაპონიასთან მეგობრობის ჯგუფის წევრები: მარიამ ლაშხი, ვიქტორ სანიკიძე და ირაკლი მეზურნიშვილი მონაწილეობდნენ.