მედვედევი: ზელენსკის ლიკვიდაციის გარდა, სხვა გზა აღარ რჩება

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, უპილოტო საფრენი აპარატით დღევანდელი ტერაქტის შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკისა და მისი გარემოცვის ფიზიკური ლიკვიდაციის გარდა, სხვა ვარიანტი არ დარჩა.

„დღევანდელი ტერორისტული აქტის შემდეგ, ზელენსკისა და მისი გარემოცვის ფიზიკური ლიკვიდაციის გარდა, სხვა გზა აღარ რჩება. ის უპირობო კაპიტულაციაზე ხელმოწერისთვისაც კი არ არის საჭირო. როგორც ცნობილია, ამ აქტისთვის ჰიტლერსაც არ მოუწერია ხელი. შემცვლელი ყოველთვის მოიძებნება“, – წერს მედვედევი „ტელეგრამის“ არხზე.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინამ კრემლზე 2 მაისის ღამეს, დრონებით იერიში მიიტანა. გარდა ამისა, ინტერნეტსივრცეში გავრცელდა აფეთქების კადრებიც.

უკრაინის პრეზიდენტის სპიკერმა, სერგეი ნიკიფოროვმა განაცხადა, რომ უკრაინას კრემლზე დრონების სავარაუდო, თავდასხმასთან კავშირი არ აქვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები