უკრაინა საკუთარ ტერიტორიაზე იბრძვის და თავს იცავს აგრესორისგან – რუსეთისგან, – ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კრემლზე უკრაინის დრონებით სავარაუდო თავდასხმის შესახებ გავრცელებულ ცნობებს.
„ჩვენ თავს არ ვესხმით პუტინს ან მოსკოვს. ჩვენ ვიბრძვით ჩვენს ტერიტორიაზე, ჩვენ ვიცავთ ჩვენს სოფლებსა და ქალაქებს. ჩვენ არ გვაქვს საკმარისი იარაღი ამისთვის, სწორედ ამიტომ არ ვიყენებთ მას სხვაგან, ჩვენთვის ეს დეფიციტია, ჩვენ არ შეგვიძლია მისი დახარჯვა. ჩვენ პუტინს თავს არ ვესხმით, მას ტრიბუნალს ვუტოვებთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინამ კრემლზე 2 მაისის ღამეს, დრონებით იერიში მიიტანა. გარდა ამისა, ინტერნეტსივრცეში გავრცელდა აფეთქების კადრებიც.
უკრაინის პრეზიდენტის სპიკერმა, სერგეი ნიკიფოროვმა განაცხადა, რომ უკრაინას კრემლზე დრონების სავარაუდო, თავდასხმასთან კავშირი არ აქვს.