მამუკა მდინარაძე: საგამოძიებო კომისიის შექმნა მხოლოდ სასამართლოს და ქართული სახელმწიფოს დაზიანებისკენ არის მიმართული
როდესაც ევრორეკომენდაციის შესრულებაზე ვსაუბრობთ, რა დროს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნაზეა ლაპარაკი, რომელიც მხოლოდ სასამართლოს და ქართული სახელმწიფოს დაზიანებისკენ არის მიმართული, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„ამ დროს დღის წესრიგის შექმნა, შოუების დადგმა სასამართლოს წინააღმდეგ, ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესს, რომ შესრულდეს ყველა ევრორეკომენდაცია. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საბაბი არ მივცეთ იმ გეგმის შესასრულებლად, რომ საქართველოს არ მიეცეს სტატუსი და ამან გამოიწვიოს არეულობა. ამ დროს კი ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ პატარ-პატარა ნაღმები ჩადონ და ერთ-ერთი ნაღმია სასამართლოს შესახებ კომისიის შექმნის მოთხოვნა და ამ ნაღმს არ ჩავადებინებთ“, – აღნიშნა მდინარაძემ.
ცნობისთვის, სასამართლოს საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ დადგენილების პროექტი პარლამენტმა გასულ კვირას განიხილა. კვორუმის არარსებობის გამო საკანონმდებლო ორგანოს პლენარულ სხდომაზე აღნიშნულ საკითხზე კენჭისყრა ვერ შედგა.
დადგენილების პროექტი სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ, პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ ინიციატივის წესით იყო წარმოდგენილი.