ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა ნორმატიული აქტების შესახებ კანონპროექტს თანმდევ საკითხთან ერთად მხარი დაუჭირა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ „ნორმატიული აქტების შესახებ“ და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონებში განსახორციელებელ ცვლილებებს მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, კანონპროექტები კომიტეტის წევრებს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა წარუდგინა. მომხსენებლის თქმით, საკანონმდებლო ინიციატივა მიზნად ისახავს ევროკავშირის სამართალთან ეროვნული სამართლის დაახლოების პროცესის უკეთ კოორდინირებას, შესაბამისი სამართლებრივი გარანტიების გაჩენას და ამ პროცესში ერთიანი სტანდარტების დანერგვას.

ცვლილების მიხედვით, თუ ნორმატიული აქტის პროექტი შემუშავებულია ევროკავშირის სამართლებრივ აქტთან დაახლოების მიზნით, და ამასთანავე, ნორმატიული აქტების შესახებ ორგანული კანონით ექვემდებარება სამართლებრივ ექსპერტიზას, მას უნდა დაერთოს ევროკავშირის სამართლებრივ აქტთან შესაბამისობის შესახებ სამართლებრივი დასკვნა.

აღნიშნულ ექსპერტიზას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო განახორციელებს.

ცვლილება ასევე შედის „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონში, რომელიც შესაბამისობაში იქნება მოყვანილი „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები