ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ცოლ-შვილი გაუჩინარდა

     ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ზურაბ ფაჩულიას ცოლ-შვილი გაუჩინარდა. როგორც „კვირას“ ფაჩულიამ განუცხადა, ნათია ხინჩიაშვილი 3 წლის შვილთან ერთად დასასვენებლად იმერეთში იმყოფებოდა, საიდანაც გუშინ, 17 საათისთვის დაბრუნდნენ.
“მეუღლე და ბავშვი ბრუნდებოდნენ სოფლიდან ფოთში. ჩემმა მეუღლემ ბოლოს 14 საათსა და 59 წუთზე მესაუბრა. ჯერ კიდევ ქუთაისში იმყოფებოდნენ და „მარშუტკაში“ ისხდნენ. მითხრა, რომ მობილური უჯდებოდა და, როგორც კი მოვიდოდნენ სახლში, გადმომირეკავდა. ფიქსირდება, რომ ჩამოვიდნენ ფოთში და მას შემდეგ მათი კვალი იკარგება”, – განაცხადა ზურაბ ფაჩულიამ.
ზურაბ ფაჩულია ფოთის პოლიციის სამმართველოში უკვე დაკითხეს. ამ ეტაპზე სამართალდამცველებმა სამარშრუტო ტაქსის მძღოლს ჩვენება ჩამოართვეს. ფაჩულიას ინფორმაციით, მძღოლი აცხადებს, რომ დედა-შვილი ფოთში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე სამარშრუტო ტაქსების ბოლო გაჩერებაზე ჩამოვიდნენ.
როგორც „კვირას“ ზურაბ ფაჩულიამ განუცხადა, იგი მომხდარს ვერაფრით ხსნის და ფაქტის შესახებ სამართალდამცველებს ინფორმაცია მიაწოდა. „ვერაფერს ვუკავშირებ, არ ვცხოვრობ ისე, რომ ვინმეს ეს ყველაფერი შურისძიებისთვის გაეკეთებინა. მტერი არ მყოლია. სამართალდამცველები ყველაფერს აკეთებენ. საქმეში ჩართულია პროკურატურა და უშიშროების სამსახური“, – აღნიშნა „კვირასთან“ საუბრისას ზურაბ ფაჩულიამ.
ზურაბ ფაჩულიას პირველი მეუღლე გარდაცვლილი ჰყავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები