ეს ერთ-ერთი მორიგი გამარჯვებაა საქართველოსი ოკუპანტი სახელმწიფოს წინააღმდეგ, რაც არის უაღრესად მნიშვნელოვანი, – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს მორიგი სარჩელის დასაშვებად ცნობას.
„ხელისუფლებამ მიიღო პრინციპული გადაწყვეტილება, რომ სერიოზულად მიეხედა იმ გაფუჭებული საქმეებისთვის, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს გაფუჭდა და დაიწყო იუსტიციის სამინისტრომ, იმხანად თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით სერიოზული მუშაობა რამდენიმე მიმართულებით, რომ სამართლებრივ ასპარეზზე საქართველოს ჰქონოდა გაცილებით ძლიერი პოზიციები, როდესაც საქმე ოკუპაციას ეხებოდა, იქ მყოფი ადამიანების უფლებების დაცვას ეხებოდა. ეს ერთ-ერთი მორიგი გამარჯვებაა საქართველოსი ოკუპანტი სახელმწიფოს წინააღმდეგ, რაც არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ყოველი მომდევნო ნაბიჯი, რა თქმა უნდა, თითო ნაბიჯით გვაახლოებს იმ სანუკვარ მიზანთან, რასაც ჰქვია საქართველოს დეოკუპაცია“, – განაცხადა სარჯველაძემ.
ცნობისთვის, საქმე ეხება საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიასა და საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლების გასწვრივ ადამიანის უფლებების მდგომარეობის სავარაუდო გაუარესებას.