შალვა პაპუაშვილი: თუკი გადაწყვეტილება მიღებული იქნება დამსახურებაზე დაყრდნობით, რა თქმა უნდა, საქართველო იმსახურებს არა მხოლოდ კანდიდატობას, არამედ – უკრაინასთან და მოლდოვასთან თანაბარ მოპყრობას
დღესაც ტექნიკურ დონეზე, მათ შორის ჩვენი კაბინეტის წარმომადგენლები, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები დადიან სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქებში და აქვთ საუბარი იმაზე, როგორ ხდება რეკომენდაციების შესრულება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისივე თქმით, მათ აქვთ ძალიან კარგი საუბრები და სიგნალები.
„ზეპირი გამოხმაურების დონეზე შეგვიძლია ვთქვათ უკვე, რომ რეკომენდაციების რიგი ევროკავშირის მხრიდანაც დანახულია, როგორც შესრულებული. მათ შორის საარჩევნო, რომელიც ხშირად იყო კრიტიკის მიზეზი. ასევე ანტიკორუფციული საკითხები, ორგანიზებული დანაშაული, გენდერული საკითხები, ომბუდსმენის არჩევის საკითხები და სხვა. თუკი გადაწყვეტილება მიღებული იქნება დამსახურებაზე დაყრდნობით და იმის მიხედვით, ვის აქვს უფრო მეტი პროგრესი, რა თქმა უნდა საქართველო იმსახურებს არა მხოლოდ კანდიდატობას, არამედ საქართველო იმსახურებს უკრაინასთან და მოლდოვასთან თანაბარ მოპყრობას. თუმცა გამოჩნდა, ივნისშიც იმსახურებდა ამას, მაგრამ სამწუხაროდ, სხვა ფაქტორების გამო სხვა გადაწყვეტილება მიიღეს. პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში ჩვენ ხანდახან შეიძლება რაციონალური მარცვალი ვერ დავინახოთ. ამის გამო 50/50-ზეა გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული შანსები. პოლიტიკურ ფაქტორს ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.