შალვა კერესელიძე – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს: იმედს გამოვთქვამ, რომ მაღალმთიანი რეგიონების განვითარებასთან მიმართებაში ჩვენი პოზიციები და თქვენი ხედვები ერთმანეთს დაემთხვევა
„იმედს გამოვთქვამ, რომ მაღალმთიანი რეგიონების განვითარებასთან მიმართებით ჩვენი პოზიციები და თქვენი ხედვები ერთმანეთს დაემთხვევა და მომავალში უწყება ასეთ საინტერესო პროგრამებს და პროექტებს შეიმუშავებს და წარმოგვიდგენს”, – ასე მიმართა პარლამენტის წევრმა, შალვა კერესელიძემ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ოთარ შამუგიას პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის” ფორმატში სიტყვით გამოსვლისას.
შალვა კერესელიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სამინისტრო საკმაოდ ბევრ სახელმწიფო პროგრამებს ახორციელებს, მაღალმთიან დასახლებებში სახელმწიფო პროგრამების დეფიციტი და ხელმიუწვდომლობა სოფლის მეურნეობის განვითარებას აფერხებს. მან იმ მიზეზებზე გაამახვილა ყურადღება, რაც აღნიშნულ პრობლემას ქმნის.
„ეს გახლავთ პროგრამებისთვის დამახასიათებელი რთული შეფასების კრიტერიუმები, რომელსაც მთაში მცხოვრები მოსახლეობა ხშირ შემთხვევაში ვერ აკმაყოფილებს, ეს გახლავთ თანადაფინანსების მაღალი განაკვეთი და პროექტში მონაწილე ბენეფიციარების საბოლოო შეფასება. ასეთ დროს გადაწყვეტილებების მიღება ხდება მხოლოდ ფისკალური ეფექტის და დაბალი რისკის შემცველი პროექტების სასარგებლოდ. ვფიქრობ, მთასთან მიმართებით ასეთ მიდგომა არასწორია.
როდესაც ვსაუბრობთ მაღალმთიან რეგიონებზე და იქ სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, სამინისტროს მხრიდან უნდა შემუშავდეს ისეთი მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამები და პროექტები, რომელიც მაღალი საპროცენტო განაკვეთით იქნება დაფინანსებული და უზრუნველყოფილი”, – განაცხადა შალვა კერესელიძემ.