ცხოველთა ამერიკელი უფლებადამცველი: გვსურს, საქართველოში ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია დავაფუძნოთ, ასევე, გვაქვს ძაღლებისთვის განკუთვნილი თავშესაფრის გახსნის იდეა
ცხოველთა უფლებადამცველი, ამერიკაში მოქმედი ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია PEACE FOR PAWS RESCUE-ს ხელმძღვანელი, აშშ-ის მოქალაქე მარკ ლოპესი აცხადებს, რომ სურს, საქართველოში ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია დააფუძნოს. ლოპესს ასევე აქვს იდეა, საქართველოში მიუსაფარი ცხოველებისთვის თავშესაფარი გახსნას. ამის შესახებ ლოპესმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ორგანიზაცია ამერიკული ორგანიზაცია The society for the prevention of cruelty to animals (SPCA) მსგავსი უნდა იყოს, სადაც ცხოველთა მოყვარულები, მოხალისეები არიან გაწევრიანებულები და ცხოველებზე ზრუნავენ. მისი თქმით, აღნიშნულ ორგანიზაციას ამერიკაში მიუსაფარი ცხოველებისთვის თავშესაფრებიც აქვს. მისივე თქმით, ამერიკელების უმრავლესობას ძაღლები თავშესაფრებიდან აჰყავს და მათზე ზრუნავს.
“საქართველოში 2 წელია, ვიმყოფები. მე და ჩემი მეუღლე ქუჩებში მიუსაფარი ძაღლების სიმრავლეს შევეჩეხეთ. ქუჩებში, გზატკეცილებზე ბევრი დაავადებული და გამხდარი ძაღლია. ყოველდღიურად მიუსაფარი ძაღლების გამოკვება გადავწყვიტეთ და დიდი რაოდენობით საკვები შევიძინეთ. ეს პრობლემა საქართველოში ყველგან გვხვდება. ჩვენ გადავწყვიტეთ, ძაღლების გამოკვება რუსთავიდან დაგვეწყო, სადაც ისინი საკვებს ნაკლებად მოიპოვებენ და ლილომდე ჩავსულიყავით, მოგვევლო ყველა ლოკაცია, სადაც ძაღლები არიან შეფარებულები. ჩემი გოგონა ექიმია, მოეწონა იდეა და გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა ორგანიზაცია, რომელიც მათ გამოკვებაზე, მკურნალობაზე იზრუნებდა. ვისაც ცხოველებზე გული შეგვტკივა, გამოსავალი უნდა მოვძებნოთ. მე და ჩემი მეუღლე ჩვენი ხარჯებით ყოველდღიურად 100-120 ძაღლს ვკვებავთ.
გვაქვს იდეის დონეზე კონცეფცია, რომელიც საქართველოში თავშესაფრის გახსნას ეხება. ამერიკაში მუშაობს ორგანიზაცია The society for the prevention of cruelty to animals (SPCA). გვინდა, მსგავსი ორგანიზაცია საქართველოშიც გავაკეთოთ, რომელიც ცხოველთა დაცვის მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისთვის იმუშავებს. The society for the prevention of cruelty to animals -ს ამერიკაში თავშესაფრებიც აქვს”, – განაცხადა მარკ ლოპესმა.