“უახლოეს პერიოდში ხაიშში ჩავალ და მოსახლეობას შევხვდები“
პირობას გაძლევთ, ხუდონჰესთან დაკავშირებით მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული როგორც მოსახლეობის, ისე ჩვენი ქვეყნის და ინვესტორის ინტერესები, – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მინისტრის ინფორმაციით, ხაიშის მოსახლეობას სამინისტრომ შესთავაზა 10-15 კაციანი ჯგუფის შექმნა, რომელთანაც შეხვედრის და საკითხის განხილვის მზადყოფნას გამოთქვამდნენ. “ეს ხდებოდა ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობისას და მოსახლეობასთან შეხვედრის სურვილი მანაც გამოთქვა, თუმცა, როდესაც შეხვედრა მზადდებოდა, მოსახლეობამ უარი განაცხადა. უახლოეს მომავალში მე ვაპირებ ხაიშში ჩასვლას მოსახლეობასთან შესახვედრად”, – განაცხადა კალაძემ. მინისტრის თქმით, მთავრობას კარგად ესმის საკითხის სირთულე და სენსიტიურობა.