დუშეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დააკავეს

    დუშეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დააკავეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა დუშეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ოტიაშვილი დააკავეს. ოტიაშვილი თაღლითობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და კანონით აკრძალული საჩუქრის მიღების ფაქტებზეა დაკავებული. გარდა ამისა, თაღლითობისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე დაკავებულია შპს „ბასა + 2008”-ის დირექტორი გიორგი ბასაძიშვილი. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ზურაბ ოტიაშვილმა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში გადაწყვიტა შენიღბული ფორმით, ფიქტიური აუქციონის ჩატარების მეშვეობით რეალურ ღირებულებაზე გაცილებით ნაკლები თანხის გადახდით თაღლითურად დაუფლებოდა სახელმწიფოს კუთვნილ ქ. დუშეთში მდებარე 920.8 კვ.მ ფართობის მქონე შენობა-ნაგებობასა და 839 კვ. მ ფართობის მქონე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს. 2009 წლის 12 აგვიტოს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლმა ზურაბ ოტიაშვილმა ზემოთ მითითებული 70 821 ლარად ღირებული უძრავი ქონება ფიქტიურად მოწყობილ აუქციონზე 10 000 ლარად შეიძინა, რაც შენიღბვის მიზნით გაფორმებული იქნა მის მეგობარზე. გარდა ამისა, ზურაბ ოტიაშვილი მუშაობდა რა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ყაზბეგის“ უფროსის თანამდებობაზე, მის უფლებამოსილებაში შედიოდა საბაჟო- გამშვებ პუნქტზე ,,ყაზბეგი“ ტრანზიტის საბაჟო რეჟიმით გამავალ ტვირთებზე კონტროლი. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი არ ყოფილა რაიმე სახის შეზღუდვები თურქეთიდან ტრანზიტის საბაჟო რეჟიმით ტექსტილის ტვირთის მოძრაობაზე სგპ ,,ყაზბეგ“-ის გავლით, ზურაბ ოტიაშვილმა გადაამეტა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას და მისი დავალებით საბაჟო დეპარტამენტის სხვა თანამშრომლები არ ატარებდნენ თურქეთიდან სგპ „ყაზბეგის“ მიმართულებით ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ტრანზიტის საბაჟო რეჟიმით გადაადგილებულ ტექსტილის ნაწარმს, რითაც არსებითად ირღვეოდა მათი უფლებები. საგამოძიებო სამსახურუს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ზურაბ ოტიაშვილი, მუშაობდა რა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე, კანონის მოთხოვნთა საწინააღმდეგოდ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსის დავით ბიგვავასგან საჩუქრად მიიღო ამ უკანასკნელის შვილის ავთანდილ ბიგვავას სახელზე რეგისტრირებული 24 950 ლარად ღირებული დუშეთის რაიონის სოფელ ჩანადირებში მდებარე 2 399 კვ.მ. ფართობის მქონე სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ზურაბ ოტიაშვილის მითითებით, ამ უკანასკნელის მძღოლთან – ბადრი ყარსიმაშვილთან გაფორმებული იქნა ჩუქების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში 2009 წლის 03 ივლისს ბადრი ყარსიმაშვილს სახელზე დარეგისტრირებული იქნა აღნიშნული მიწის ნაკვეთი. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ზურაბ ოტიაშვილმა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე ყოფნისას, 2008 -2009 წლებში, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელით გაუფორმა ხელშეკრულებები სახელმწიფო შესყიდვის შესახებ თავისი
ცოლის ძმის – გიორგი ბასაძიშვილის ფირმას – შპს „ბასა + 2008”-ს. ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებისას გიორგი ბასაძიშვილი ყალბი დოკუმეტების საფუძველზე თაღლითურად დაეუფლა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ დიდი ოდენობით ფულად თანხებს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333 – ე,, 340 – ე, 180- ე და 210- ე მუხლებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები