პარიზში, საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა – დაკავებულია 112 ადამიანი (ვიდეო)

საფრანგეთში, სადავო საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები არ წყდება.

მას შემდეგ, რაც საფრანგეთის საკონსტიტუციო საბჭომ საპენსიო ასაკის ზრდის შესახებ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის სადავო რეფორმას მხარი დაუჭირა, პარიზის ქუჩებში ათასობით ადამიანი შეიკრიბა.

დემონსტრანტებმა ერთ-ერთ ქუჩაზე მსვლელობის მოწყობა სცადეს, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა. ამის შემდეგ აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.

აქტივისტებმა ჩაამტვრიეს მინები და რამდენიმე ათეულ ველოსიპედს და რამდენიმე ნაგვის ურნას ცეცხლი წაუკიდეს.

პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

საფრანგეთის პოლიციის ცნობით, სამართალდამცველებმა აქციაზე 112 ადამიანი დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ 17 მარტს, საფრანგეთის მთავრობამ სადავო საპენსიო რეფორმის კანონი პარლამენტში კენჭისყრის გარეშე მიიღო. ქვეყნის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის კონსტიტუციაში გაწერილი სპეციალური უფლებამოსილებით ისარგებლა, რომლითაც მას შეუძლია პრემიერ-მინისტრს სთხოვოს, კანონი კენჭისყრის გარეშე მიიღოს.

ახალი საპენსიო რეფორმის მიხედვით, საფრანგეთში საპენსიო ასაკი 62-იდან 64 წლამდე გაიზრდება.

 

ვიდეო: Independent reporter – Jules Ravel

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები