ჰააგის სასამართლომ რუსეთს უკრაინისთვის 5 მილიარდი დოლარის გადახდა დააკისრა

ჰააგის მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო სასამართლოს ტრიბუნალმა რუსეთს უკრაინის სახელმწიფო კომპანია “ნაფტოგაზისთვის” ყირიმში არსებული აქტივებისთვის, კომპენსაციის სახით, 5 მილიარდი დოლარის გადახდა დააკისრა.

ამის შესახებ “ნაფტოგაზის” პრესსამსახური იტყობინება.

„სასამართლომ დაადგინა, რომ კომპენსაციის ოდენობა უნდა იყოს ექსპროპრიაციამდე “ნაფტოგაზის” აქტივების სამართლიანი საბაზრო ღირებულების ტოლი. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ამტკიცებს, რომ “ნაფტოგაზს” არ აქვს კომპენსაციის უფლება მისი აქტივების ექსპროპრიაციისთვის, საარბიტრაჟო ტრიბუნალი ამ მტკიცებას არ დაეთანხმა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გარდა ამისა, არბიტრაჟმა რუსეთს “ნაფტოგაზისთვის” პროცედურული ხარჯების დაფარვაც დააკისრა.

რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიამდე “ნაფტოგაზი” 17 საბადოს, ოთხ საბურღ მოწყობილობას, გაზის გადამცემ სისტემას, მიწისქვეშა საცავს და ტექნოლოგიურ ფლოტს ფლობდა.

“ნაფტოგაზმა” და მისმა შვილობილმა კომპანიებმა რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი 2016 წელს შეიტანეს. 2019 წლის მარტში ჰააგის არბიტრაჟმა უკრაინული მხარის პრეტენზიები აღიარა, და ახალი გადაწყვეტილებით კომპენსაციის ოდენობა განსაზღვრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები