უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი აშშ-ში ჩავიდა, სადაც თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, პენტაგონში შეხვედრისას შმიგალმა აშშ-ის თავდაცვის მდივანს F-15-ისა და F-16-ის ტიპის გამანადგურებლებისა და უფრო შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მიწოდების თხოვნით კიდევ ერთხელ მიმართა.
„ჩვენ მოვიგებთ ამ ომს, მაგრამ იმისთვის, რომ გამარჯვებას სწრაფად მივაღწიოთ, ნაკლები მსხვერპლით, უკრაინას კვლავ სჭირდება ინტენსიური სამხედრო მხარდაჭერა“, – აღნიშნა შმიგალმა.
ოსტინს კომენტარი არ გაუკეთებია კონკრეტულ მოთხოვნაზე, თუმცა თქვა, რომ აშშ გააფართოებს უკრაინისთვის სამხედრო აქტივების წარმოებას.
„ჩვენ გავაგრძელებთ ინვესტიციებს ჩვენი თავდაცვის ინდუსტრიულ ბაზაში, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ წარმოება“, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.