კელი დეგნანმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა საქართველოს პარლამენტთან, 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო და 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო.

ამასთან, ამერიკის საელჩომ 9 აპრილის ტრაგედიასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა – “ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი”.

„დღეს დიდი თუ პატარა, მოხუცი თუ ახალგაზრდა, ნებისმიერი თაობის ადამიანი, ნებისმიერი თანამდებობის, ნებისმიერი მიმართულების, ფიქრობს მხოლოდ ერთზე – საქართველომ უნდა მოიპოვოს დამოუკიდებლობა! საქართველო ღირსია სრული თავისუფლების! საქართველო ღირსია იმის, რასაც მიაღწიეს მსოფლიოში ყველაზე განვითარებულმა, ყველაზე დემოკრატიულმა და ჰუმანურმა ერებმა! მეგობრებო, ჩვენს ყველა მიტინგსა და დემონსტრაციაზე ამ დღის შემდეგ პირველ მოთხოვნად ვაქცევთ საქართველოს სრული დამოუკიდებლობის და საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გამოსვლის მოთხოვნას!” – მერაბ კოსტავა. ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი”,- წერს საელჩო.

შეგახსენებთ, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან დღეს 34 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა არმიამ საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მიმდინარე მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, შედეგად 21 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ასობით ადამიანი დაშავდა და გაზით მოიწამლა.

1991 წელს კი 9 აპრილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები