გიორგი ცუცქირიძე: დღეს უკვე ცხადად მოჩანს ის კონფლიქტი, რომელიც არსებობს ოფიციალურ ვაშინგტონსა და ცალკეული ქვეყნების მთავრობებს შორის
დღეს უკვე ცხადად მოჩანს ის კონფლიქტი, რომელიც არსებობს ოფიციალურ ვაშინგტონსა და ცალკეული ქვეყნების მთავრობებს შორის. თუ ადრე ეს კონფლიქტი ძირითადად სამხრეთ ამერიკის ქვეყნების გეოგრაფიულ არეალს მოიცავდა, რისი მკაფიო მაგალითიც კუბა და ნიკარაგუა იყო, ამ კონფლიქტმა არა თუ აღმოსავლეთ ევროპის ნაწილში, ან უბრალოდ უნგრეთსა და რუმინეთში, არამედ თვით აშშ ის ყველაზე სტრატეგიულ მოკავშირე ისრაელთანაც კი გადაინაცვლა, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი, გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
ცუცქირიძეს მიაჩნია, რომ წინააღმდეგობის ერთ-ერთი მთავარი პარადიგმა, რაც განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის კლასიკურ სტრატეგიას წარმოადგენს „ვაშინგტონის კონსენსუსშია“ ასახული.
“მიმაჩნია, რომ წინააღმდეგობის ერთ-ერთი მთავარი პარადიგმა, რაც განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის კლასიკურ სტრატეგიას წარმოადგენს ე.წ. „ვაშინგტონის კონსენსუსშია“ ასახული, რომელიც ვაშინგტონში არსებული საერთაშორისო ორგანიზაციების, მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო მონეტარული ფონდის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს ემყარება.
თავის მხრივ, ვაშინგტონის კონსენსუსის მთავარ პოსტულატებს წარმოადგენს ვაჭრობის ლიბერალიზაციის ერთიანი ჩარჩო, საბუჯეტო კონსოლიდაცია, მაკროეკონომიკური სტაბილურობა, ბაზრების დერეგულაცია და მთავრობის მიერ მართული ეკონომიკური საქმიანობების პრივატიზაცია.
ნიშანდობლივია, რომ ეკონომიკური განვითარების ეს სტრატეგია ლათინური ამერიკის ქვეყნების 1980-იანი წლების ფინანსური და ეკონომიკური კრიზისების დასაძლევად შეიქმნა.
თუმცა ვაშინგტონის კონსენსუსის პოლიტიკის შედეგები ლათინური ამერიკის ქვეყნებში არცთუ წარმატებული აღმოჩნდა. მეტიც, XX საუკუნის ბოლოს, ამ რეგიონში გაღვივებული ფინანსური კრიზისის (მაგალითად, 1994 წლის მექსიკის ე.წ. „ტეკილას კრიზისის“) გამამწვავებელ ფაქტორად „ვაშინგტონის კონსენსუსის“ ერთ-ერთ ძირითად პოსტულატს – ფინანსური ბაზრების ლიბერალიზაციას ასახელებენ.
ნობელის პრემიის ლაურეანტი ჟოსეფ სტიგლიცი თავის სტატიაში „პოსტ-ვაშიგტონის კონსენსუსის კონსენსუსი“ (Initiative for Policy Dialogue Working Paper, Columbia University) ირწმუნება რომ ამ სტრატეგიის დანერგვის შემდგომ ეკონომიკური ზრდის ტემპი რეგიონში XX საუკუნის 60-70-იანი ე.წ. იმპორტ-ჩამნაცვლებელი ინდუსტრიალიზაციის პოლიტიკის წარუმატებელი წლების ზრდის ტემპის ნახევარი იყო.
სადაც საჯარო სექტორის როლის უგულებელყოფა სტიგლიცის მთავარი არგუმენტია თავდაპირველი „ვაშინგტონის კონსენსუსის“ წინააღმდეგ. ის ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ, რომელმაც განსხვავებული ზრდის პოლიტიკა გაატარა, ბევრად უკეთესი შედეგი მიიღო. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ე.წ. „აზიის ვეფხვების“ (ჰონგ-კონგი, სამხრეთ კორეა, ტაივანი და სინგაპური) ექსპორტის სუბსიდირების პოლიტიკით განპირობებული შთამბეჭდავი ეკონომიკური წარმატება.
სტიგლიცის აზრით, ეკონომიკური განვითარების სტრატეგიები საწყის ეტაპზე, უკეთესი მომავლის შექმნის პირობით, დიდ მსხვერპლს მოითხოვს განვითარებადი ქვეყნებისგან, რაც საზოგადოების ზოგიერთი ნაწილის გაღარიბებას, შემოსავლების შემცირებას, გაზრდილ სოციალურ წნეხსა და გაზრდილ უთანასწორობას იწვევს, რაც სხვა ქვეყნებს თავი რომ დავანებოთ ყველაზე ცხადად საქართველოს მაგალითზე ყველამ ვნახეთ, როდესაც ამ
განვითარების რეცეპტები სახელმწიფოებს ნამდვილად ძვირი უჯდებათ, დაპირებული კეთილდღეობა და ეკონომიკური ზრდა არც ისე აშკარაა.
სწორედ “ვაშინგტონის კონსესნსუსის” პირდაპირი შედეგია ადგილობრივი წარმოების სუროგიტიზაცია და იმპორტის წახალისება, რაც განსაკუთრებით მწვავედ კოვიდ პანდემიურ პერიოდში წარმოჩინდა და როგორც ვნახეთ ყველა ის ქვეყანა, რომელმაც ექსპორტზე ორიენტირებული და დასაქმებაზე მხარდაჭერილი ეკონომიკა შექმნა სამხრეთ აზიაში, “ვაშინგტონის კონსენსუსის” საწინააღმდეგო დოქტრინაზე იყო აგებული.
როდესაც დღეს აშშ ის ცალკეული უმაღლესი თანამდებობის პირების თუ დიპლომატების პრეტენზიებს ვისმენთ, საქართველოში ბოლო 30 წლის მანძილზე განხორციელებული ინვესტიციების შესაფასებლად, რატომღაც მათაც ავიწყდებათ, რომ 5-6 მილიარდი აშშ დოლარი, არა ადგილობრივი წარმოების და დასაქმების მხარდასაჭერად, არამედ სამოქალაქო სექტორის გასაძლიერებლად და საკანონმდებლო ბაზის დასახვეწად უფრო იყო მიმართული. მე, ზოგიერთ ინტერესჯგუფისაგან განსხვავებით, არც სამოქალაქო სექტორის განვითარების წინააღმდეგი ვარ და არც იმ საკანონმდებლო ინიციატივებისა, რაც ადამიანის უფლებების დაცვის და ბიზნესის ლიბერალიზაციის მხარდასაჭერად იყო მიმართული, უფრო პირიქით, თუმცა ეკონომიკის განვითარების ისტორიამ ცალსახად დაადასტურა, რომ სადაც არ არის პრიორიტეტული ადგილობრივი წარმოება, ყველა ქვეყანა იქცა საერთაშორისო მომსახურების სერვისების დანამატად, ცხოვრების შედარებით დაბალი დონით და დაბალი ზრდის პარადიგმით.
დღემდე გაუგებარია, თუ ვაშინგტონს ასე აწუხებს ჩვენთან ადამიანის უფლებები და სასამართლო რეფორმაცია, რატომ არა გვაქვს მინიჭებული თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, როგორც ეს ევროკავშირთან გვაქვს და რამაც მნიშვნელოვნად შეცვალა სავაჭრო გეოგრაფია და თუნდაც ექსპორტის დივერსიფიკაცია კიდევ უფრო გაზარდა!
სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ცალკეულ პირთა დასანქცირებაც არის ახალი პრეცედენტი, ვფიქრობ “პოლიტიკური მათრახის” საჩვენებლად, და ვინც ახლა ამას არის აყოლილი, უნდა ახსოვდეს, რომ არც მურუსიძე და არც ჩინჩალაძე ყოფილა აქ გმირი, დღემდე უფრო ანტიგმირები იყვნენ, მათი დასანქცირებით კი ვაშინგტონი სწორედ მათ წამებულ გმირებად უფრო წარმოაჩენს, ხოლო ქვეყნის მოსახლეობაში ზრდის ანტიდასავლურ სკეპტიციზმს, განსაკუთრებით ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პერიოდში!
ახლა რაც შეეხება ვაშინგტონთან ურთიერთობის ასპექტებს. პოლიტიკური სიბეცის თუ მიამიტობის გამო, რასაც საერთო არაფერი აქვს რეალ პოლიტიკასთან არა ერთხელ დავრჩით წაგებული, ამიტომაც ყოველთვის ხაზს ვუსვამ არც გულითადი ურთიერთობა კეთდება გლობალურ პოლიტიკის ამოცანად და არც ბუტიობა და მათი თამაშის წესების მთლიანი იგნორი, ამიტომაც არის სახიფათო ანტიდასავლური დისკურსის ფართო რეკლამირება და დასავლეთის ცალსახად “ლიბერალურ ფაშიზმად” წარმოსახვაც, რადგან იგივე აშშ არ არის ცალსახად ერთი პარტიის-დემოკრატების მმართველობის ქვეშ, და დღემდე ორპარტიული კონსენსუსზე დგას. ტრამპის ვერ დაჭერის ისტორიაც ამის მიმანიშნებელია! არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ტრამპის მარჯვენა ხელი და ყოფილი ვიცე პრეზიდენტი მაიკლ პენსი იყო ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებისა ამერიკაში და ასეთად რჩება დღემდე! და ამ პოლიტმოცემულობით აშშ თვისობრივად განსხვავდება ერთპარტიული დიქტატურის ქვეშ მყოფი რუსეთისგან და ჩინეთისგანაც!”, – წერს გიორგი ცუცქირიძე.