“თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა ხუდადოვის ტყეში დანაგვიანებული ადგილები დაასუფთავეს(ფოტო)

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა ხუდადოვის ტყეში დანაგვიანებული ადგილები დაასუფთავეს.
“თბილსერვის ჯგუფის” ინფორმაციით, ღონისძიებაში ჩართული იყო კომპანიის 40-მდე თანამშრომელი და მობილიზებული იყო სპეცტექნიკა.

სამუშაოებს ადგილზე გაეცნო „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია.

„აღნიშნულ რეკრეაციულ სივრცეში, სამწუხაროდ, მოქალაქეებს უკანონოდ შემოაქვთ ნარჩენები. დამონტაჟებული იყო ფოტოხაფანგები და თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამართალდამრღვევი პირები არაერთხელ დააჯარიმა. ფოტოხაფანგები მოიპარეს, ამიტომ ხელახლა დამონტაჟდება, ტერიტორია გაკონტროლდება და სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე მოხდება რეაგირება. მოწყობილია ე.წ. შლაგბაუმებიც, თუმცა საკეტებს აზიანებენ და მანქანებით სამშენებლო ნარჩენი, ასევე, მეორადი საბურავები მაინც შემოაქვთ. მინდა, მოვუწოდო მოსახლეობას, გავუფრთხილდეთ ჩვენს ქალაქს და ნუ დავანაგვიანებთ გარემოს“, – აღნიშნა დავით ფაჩულიამ.

პოლიგონზე სამშენებლო ნარჩენების კანონიერად განთავსების შესახებ სრული ინფორმაციის მიღება მოქალაქეებს შეუძლიათ, როგორც შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე – 2 61 90 50, ისე, თბილისის მერიის ცხელ ხაზზე – 2 72 22 22″, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები