ირაკლი ქადაგიშვილი: მოვუწოდებ ქვეყნის ყველა ინსტიტუციას, მათ შორის, პრეზიდენტსაც, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მიღებაში ხელი არ შეუშალოს
“ერთი რამ ფაქტია, რომ მათ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება „ქართული ოცნების“ პირობებში არ სურთ ძალიან მარტივი მიზეზის გამო, ამით ისინი მიიჩნევენ, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში მიღწეული ეს წარმატება მათ რევოლუციური სცენარის განხორციელების საშუალებას არ მისცემს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
ქადაგიშვილი მოუწოდებს ქვეყნის ყველა ინსტიტუციას, მათ შორის, პრეზიდენტსაც, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მიღებაში ხელი არ შეუშალოს და პირიქით, ამისთვის მაქსიმალური გააკეთოს.
“ასევე დაიწყეს მეორე რიტორიკაც, რადგან იციან, რომ შეიძლება ობიექტურ რეალობაზე ევროკავშირმა თვალი აღარ დაუხუჭოს და ობიექტურად, ქვეყანა სად იმყოფება, ამის მიხედვით მიიღოს გადაწყვეტილება. ამიტომ, ახალი რიტორიკა შემოაგდეს, რომ თუ მოგვცემენ სტატუსს, არა იმიტომ, რომ ქვეყანამ და ხელისუფლებამ საშინაო დავალება შეასრულა, არამედ იმიტომ, რომ ქართველი ხალხია კარგი და ამას იმსახურებს. დიახ, ქართველი ხალხი დამოუკიდებლობისა და ცივილიზაციური ერთობისთვის ყოველთვის იბრძოდა და ეს ახალი არ არის. ოპოზიცია ასევე ცდილობს, რომ სტატუსის მონიჭების შემთხვევაში თქვან, რომ ჩვენ ხომ ამას ვიძახდით, რომ შემდეგი პოლიტიკური ცხოვრებისათვის ამის ბილეთი ჰქონდეთ. კიდევ ახალი ნარატივიც შემოიტანა ოპოზიციის ერთმა ნაწილმა, რომ მოცემის შემთხვევაში ეს იქნება პრეზიდენტის დამსახურება. მე, რა თქმა უნდა, მოვუწოდებ ქვეყნის ყველა ინსტიტუციას, მათ შორის, პრეზიდენტსაც, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მიღებაში ხელი არ შეუშალოს და პირიქით ამისთვის მაქსიმალური გააკეთოს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.