თენგიზ ცერცვაძე – რესპუბლიკურ საავადმყოფოზე: კოლექტივს უნდა შესთავაზონ ღირსეული დასაქმება და ანაზღაურება
„იქ რომ ახალი საავადმყოფო უნდა გაკეთდეს, საუნივერსიტეტო კლინიკის ტიპის, ეს ვფიქრობ, არავისთვის სადავო არ არის, თუნდაც იმ ადამიანებისთვისაც, ვინც დღეს ამას აპროტესტებს”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ რესპუბლიკურ საავადმყოფოზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, საერთაშორისო პრაქტიკით ყველა ქვეყანას აუცილებლად უნდა ჰქონდეს თუნდაც ერთი სახელმწიფო დაქვემდებარებაში მყოფი მულტიპროფილური საავადმყოფო.
ამასთან, ცერცვაძე ამბობს, რომ კოლექტივს ღირსეული დასაქმება და ანაზღაურება უნდა შესთავაზონ.
“თავის დროზე, როდესაც ქვეყანამ სამედიცინო სექტორის განკერძოება მოახდინა, ცოტა გადავამლაშეთ, თითქმის 95% სამინისტრო დაწესებულებების გადავიდა კერძო სექტორის ხელში, ასეთი მაღალი პროცენტი არცერთ ქვეყანაში არ არის. დაირღვა ბალანსი, დაირღვა კონკურენტუნარიანი გარემო და დღეს სახელმწიფო ამის გამოსწორებას ცდილობს.
ამ საავადმყოფოს გაკეთება უდიდესი გამოწვევაა, რადგან საერთაშორისო პრაქტიკით ყველა ქვეყანას აუცილებლად უნდა ჰქონდეს თუნდაც ერთი სახელმწიფო დაქვემდებარებაში მყოფი მულტიპროფილური, მინიმუმ 500-საწოლიანი საუნივერსიტეტო კლინიკის ტიპის საავადმყოფო. ეს საშვილიშვილო საქმეა და აუცილებლად უნდა გაკეთდეს.
როგორმე უნდა მოხერხდეს ისე, რომ კოლექტივის ინტერესი არ დაზარალდეს და მათ მიიღონ ღირსეული დასაქმება და ღირსეული ანაზღაურება, რასაც მათ მთავრობა და პრემიერი ჰპირდებათ“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ “იმედის” ეთერში საუბრისას.