ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა ბავშვის უფლებათა კოდექსში ცვლილებას მხარი დაუჭირა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა ბავშვის უფლებათა კოდექსში შესატან ცვლილებაზე პირველი მოსმენით იმსჯელა.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ბავშვის უფლებათა კოდექსით გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო პოლიტიკა და პროგრამები უნდა შემუშავდეს და განხორციელდეს განათლების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და მართლმსაჯულების სფეროებს შორის კოორდინაციითა და უწყებათაშორისი თანამშრომლობით, ბავშვების, აკადემიური წრეების, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენელთა მონაწილეობით. ასევე ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნის ვალდებულებას. ვინაიდან არ არსებობს უწყებათაშორის თანამშრომლობაზე პასუხისმგებელი ორგანო და ინსტიტუციური მექანიზმი, რაც არასათანადო ეფექტიანობას განაპირობებს, აუცილებელია უფრო მკაფიო ჩანაწერის გაჩენა. ცვლილებით მოხდება უწყებათაშორისი კოორდინაციის მექანიზმისა და ელექტრონული სისტემის და ამ პროცესში პერსონალური მონაცემების დაცვის დეტალური გაწერის ფუნქციის მთავრობაზე დელეგირება. მთავრობის მიერ ამ აქტების მიღების შემდეგ, შესაბამის უწყებებს კოორდინირებულად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით და ბავშვის პერსონალურ მონაცემთა მაქსიმალური დაცვით კოდექსის იმპლემენტაციის საშუალება ექნებათ.
“დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც ჩართული იყო მუშაობის პროცესში და განსაკუთრებული მადლობა იუნისეფის საქართველოს წარმომადგენლობას, რომელსაც ასევე აქვს ინტერესი, რომ როდესაც ამ კანონის მიღებით გაჩნდება სამართლებრივი საფუძველი, უკვე მუშაობა გააგრძელოს კონკრეტულად ამ ნორმების აღსრულების მიმართულებით. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს იქნება მორიგი წარმატებული საქმე, რომლის სათავეში იქნება იუნისეფის საქართველოს წარმომადგენლობა”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. კომიტეტმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა.