ფინეთის საპარლამენტო არჩევნებში სანა მარინის პარტია დამარცხდა
ფინეთის საპარლამენტო არჩევნებში სოციალ-დემოკრატიული პარტია, რომელსაც მოქმედი პრემიერმინისტრი, სანა მარინი ხელმძღვანელობს, მინიმალური სხვაობით დამარცხდა.
ამიერიდან, ქვეყნის მთავრობას, სავარაუდოდ, ოპოზიციური ნაციონალური კოალიციის ხელმძღვანელი, პეტერი ორპო უხელმძღვანელებს.
არჩევნების შედეგების მიხედვით, ორპომ ხმების 20,8% მოიპოვა, ხოლო ულტრამემარჯვენე “ფინელების” პარტიამ – მათთვის რეკორდული 20,1%. ამავდროულად, ამომრჩეველთა 19,9%-მა ხმა მისცა სანა მარინის პარტიას.
ორპომ უკვე განაცხადა, რომ ამომრჩევლებისგან ახალი მთავრობის ფორმირებისთვის მანდატი მიიღო, ამის შემდეგ მარინმა მარცხი აღიარა.
არჩევნების საბოლოო შედეგები 5 აპრილს გახდება ცნობილი.
სამი პარტიიდან ვერცერთი ვერ შეძლებს მთავრობის ფორმირებას და მათ მოუწევთ კოალიციის შექმნა.
სავარაუდოა, რომ შედეგი ნატოში ფინეთის გაწევრიანებაზე გავლენას ვერ მოახდენს, რადგან პროცესი თითქმის დასრულებულია და მას მხარი ქვეყნის ყველა მთავარმა პოლიტიკურმა ძალამ დაუჭირა.
საარჩევნო კამპანიის მთავარი თემა ქვეყნის სახელმწიფო ვალი იყო.