ცესკოს თავმჯდომარემ იაპონიის ელჩს მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი აგრძელებს შეხვედრებს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან. ამჯერად, გიორგი კალანდარიშვილი იაპონიის ელჩს საქართველოში, იმამურა აკირას შეხვდა და მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო.

საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა იყო ის ძირითადი თემა, რომელზეც მხარეებმა შეხვედრის მიმდინარეობის დროს იმსჯელეს. საუბარი ასევე შეეხო 29 აპრილს დაგეგმილი შუალედური/რიგგარეშე არჩევნების მზადების პროცესს. ცესკოს თავმჯდომარემ ელჩს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმ მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ, რომელსაც ადმინისტრაცია აღნიშნულ არჩევნებზე გეგმავს.

„ვფიქრობ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების და მათ შორის საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ჩართულობა და მათი რეკომენდაციების გაცნობა მნიშვნელოვნად განაპირობებს საარჩევნო პროცესის სწორად და გამჭვირვალედ წარმართვას. ჩვენ აქტიურად ვემზადებით 29 აპრილის არჩევნების ტექნოლოგიების გამოყენებით ჩასატარებლად, სწორედ ამიტომ მუდმივად ვცდილობთ შევხვდეთ არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, მათ შორის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს. დღეს იაპონიის ელჩთან ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა, მე მას მივაწოდე ყველა ის ინფორმაცია, რომელიც არჩევნებს და ზოგადად საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას უკავშირდება, ასევე ვისაუბრეთ უწყების წინაშე არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების შესახებ “, – აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა ელჩთან შეხვედრის შემდეგ.

გიორგი კალანდარიშვილის და იაპონიის ელჩის შეხვედრა 29 აპრილს გაიმართა და მას იაპონიის საელჩოს მესამე მდივანი ივატარე ოტაროც ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები