საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ირლანდიის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, ირლანდიის რესპუბლიკაში იმყოფება.

პარლამენტის ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ირლანდიის პარლამენტის სპიკერთან, შონ ო’ფარელთან, ირლანდიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარესთან, ჩარლი ფლანგანთან, ევროპარლამენტის წევრთან, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) ვიცე-პრეზიდენტთან, ფრენსის ფიცჯერალდთან და ირლანდიის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ევროპის საქმეთა სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, ჰელენ ბლეიკთან.

შეხვედრებისას განხილვის მთავარ საკითხს წარმოადგენდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება, უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესია და მისი გავლენა რეგიონის უსაფრთხოებაზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, საპარლამენტო კავშირების გაღრმავების საკითხები, გარემოს დაცვის და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა, ასევე, საქართველო-ირლანდიის ორმხრივ ურთიერთობებში არსებული სხვა მიმართულებები. საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრებმა ირლანდიურ მხარეს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით და განიხილეს რეგიონში არსებული გამოწვევები. ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებზე და ევროპისთვის, შუა დერეფნის სტრატეგიული განვითარების მნიშვნელობაზე. ირლანდიურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა და დადებითი შეფასება მისცა საქართველოს მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესს. „ირლანდიელ კოლეგებთან განვიხილეთ არაერთი მნიშვნელოვანი მიმართულება. მათ განსაკუთრებული ინტერესი გამოხატეს საქართველოს მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის აღსრულების მიმართ და აღნიშნეს, რომ ხმარს უჭერენ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას. ასევე ხაზგასასმელია, რომ ორივე ქვეყანას გააჩნია დიდი ინტერესი, რომ ჩვენი კავშირები კიდევ უფრო გააქტიურდეს და გაღრმავდეს, რომლის დიდი პოტენციალი არსებობს. შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ მუშაობას ამ პოტენციალის ასათვისებლად” – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე – ნიკოლოზ სამხარაძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე – მაია ბითაძე და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე – დავით სონღულაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები