ლაშა ხუციშვილმა იმ რეფორმებზე ისაუბრა, რომელთა განხორციელებაც სამინისტროს სისტემაში მიმდინარეობს

„მინისტრის საათის” ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა იმ რეფორმებზე, რომელთა განხორციელებაც სამინისტროს სისტემაში მიმდინარეობს. სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ისეთ რეფორმებზე, როგორებიცაა: სახელმწიფო ფინანსების მართვა, სახელმწიფო ინვესტიციების მართვა, ვალის მართვა, სახელმწიფო საწარმოების რეფორმა, საგადასახადო დანახარჯების ეფექტიანობის შესწავლა, რეფორმები საგადასახადო და საბაჟო მიმართულებებით.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მუდმივ რეჟიმში ახორციელებს მიმდინარე პროგრესის შეფასებას, ანალიზსა და მასზე დაფუძნებულ დაგეგმვას. მისი თქმით, 2022 წლის ბოლოს, შემუშავდა საჯარო ფინანსების მართვის სტრატეგიის პროექტი.

აღნიშნული სტრატეგია ფორმალიზებული საჯარო ფინანსების მართვის სტრატეგიის მეოთხე განახლებაა და ფარავს 2023-2026 წლებს და უახლოეს მომავალში დამტკიცდება. ასევე, 2022 წელს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მიერ, განხორციელდა საინვესტიციო პროექტების მართვის სისტემის შეფასება (PIMA), რის საფუძველზეც მოხდა საინვესტიციო პროექტების მართვის მეთოდოლოგიის მნიშვნელოვანი განახლება. როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, 2022 წლის ბოლოს, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში განხორციელდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც საინვესტიციო პროექტების მართვის მეთოდოლოგიით, საინვესტიციო პროექტების შეფასების ვალდებულება, უკვე საკანონმდებლო მოთხოვნას წარმოადგენს. მისი თქმით, განახლდა ვალის მართვის სტრატეგია 2023-2026 წლებისათვის. ლაშა ხუციშვილი, ასევე, შეეხო სახელმწიფო საწარმოების რეფორმას და აღნიშნა, რომ მთავრობამ წლის დასაწყისში დაამტკიცა სახელმწიფო საწარმოების რეფორმის სტრატეგია.

„სახელმწიფო საწარმოების რეფორმა ჩვენი რეფორმების დღის წესრიგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, რომელშიც ჩართულია ჩვენი, პრაქტიკულად, ყველა პარტნიორი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი. აღნიშნული რეფორმა, აგრეთვე, წარმოადგენს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის ნაწილს. რეფორმის პირველ ეტაპზე, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან ერთად, შერჩეულია სამი საპილოტე საწარმო, რომლებშიც რეფორმის ელემენტების დანერგვა წელსვე დაიწყება. ეს საწარმოებია: საქართველოს რკინიგზა, გაზის ტრანსპორტირების კომპანია და აეროპორტების გაერთიანება. რეფორმის სტრატეგიის თანახმად, წელს განხორციელდება საკანონმდებლო ბაზის შემუშავება, რომელიც სხვა მიმართულებებთან ერთად, მოაწესრიგებს საწარმოების ფლობის პოლიტიკასაც”, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, 2020 წლიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ აქტიური მუშაობა დაიწყო საგადასახადო დანახარჯების, ანუ კანონით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათების ანალიზზე. მისი თქმით, 2022 წლის განმავლობაში შეფასდა დღგ-ის, მოგებისა და საშემოსავლო გადასახადების ე.წ. საგადასახადო დანახარჯები, რომლებმაც, დაახლოებით, 2.8 მლრდ ლარი შეადგინა (2021 წლისთვის).

„საბიუჯეტო კოდექსის ცვლილების მიხედვით, აღნიშნული დოკუმენტი გახდა საბიუჯეტო პროცესის ნაწილი და ყოველ წელს მისი განახლებული ვერსია დაერთვება საბიუჯეტო დოკუმენტაციას. მიმდინარე წელს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერით, დაიწყება რიგი შეღავათების ხარჯთ-სარგებლიანობის ანალიზი, რომლის შედეგების მიხედვით, შესაძლებელი იქნება მათ ნაწილობრივ ოპტიმიზაციაზე მსჯელობის დაწყება”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები