„ეს არის პირველი სერიოზული გადადგმული ნაბიჯი იმისათვის, რომ ის ბაკქანალია და დანაშაული აილაგმოს, რომელიც დღეს უკრაინის ომთანაა დაკავშირებული“, – ამის შესახებ უსაფრთხოებისა და სამხედრო საკითხების ანალიტიკოსმა, პოლიტოლოგმა ვახტანგ მაისაიამ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მიერ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერის გაცემასთან დაკავშირებით განაცხადა.
მაისაია სასამართლოს გადაწყვეტილებას „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას გამოეხმაურა.
„პუტინის მიმართ ჰააგის სასამართლოს მიერ გამოტანილი დაპატიმრების განჩინების თემა დიდი განხილვის საგანია. ასევე, რუსეთის ფედერაციის ბავშვთა ომბუდსმენს, მარია ბელოვას, ფაქტობრივად, ბრალი დასდეს იმაში, რომ ბავშვების ტრეფიკინგს ახორციელებდნენ. ეს დადასტურებული ფაქტებიდან გამომდინარე უმძიმესი დანაშაულია. ვლადიმერ პუტინი და ეს ქალბატონი პირდაპირ ეთერში იხილავდნენ, თუ როგორ უნდა მომხდარიყო ოკუპირებული ტერიტორიიდან რუსეთის ტერიტორიაზე ბავშვების გაყვანა, ბავშვთა სახლებისთვის მათი გადაცემა. ეს, რა თქმა უნდა, უმძიმესი დანაშაულია. რუსეთის ფედერაციამ სისხლის სამართლის არაერთი დანაშაული ჩაიდინა, იგივე თუნდაც ბუჩაში, სუმის რაიონში არსებული გენოციდის ფაქტები, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს. აღნიშნული განაჩენის აღსრულებაში საქართველოც იღებს მონაწილეობას, რადგან რომის სტატუსის დოკუმენტთანაა მიერთებული. ამ დოკუმენტს ასევე 128 ქვეყანაა მიერთებული. რა თქმა უნდა, აქედან რამდენიმე სახელმწიფომ შეიძლება, აღნიშნული არ გაითვალისწინოს, თუმცა, ისინი ვალდებულები არიან, ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალის გადაწყვეტილებას დაემორჩილონ.
ეს არის პირველი სერიოზული გადადგმული ნაბიჯი იმისათვის, რომ ის ბაკქანალია და დანაშაული აილაგმოს, რომელიც დღეს უკრაინის ომთანაა დაკავშირებული. იმედია, სამართალი იზეიმებს, ეს ომიც დასრულდება და ამ ომის დამწყები დამნაშავეები სათანადოდ იქნებიან დასჯილები”, – განაცხადა მაისაიამ.
შეგახსენებთ, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. ამის შესახებ ინფორმაცია სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
სასამართლოს განჩინების თანახმად, ICC-ი პუტინს უკრაინაში ჩადენილ სამხედრო დანაშაულებზე პასუხისმგებლობას აკისრებს.
„ვლადიმერ პუტინი, დაბადებული 1952 წლის 7 ოქტომბერს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, სავარაუდოდ პასუხისმგებელია ომის დანაშაულზე, რაც გამოიხატება მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო დეპორტაციასა და მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო გადაყვანაში უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციაში“, – ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.
გარდა ამისა, განცხადებაში ნათქვამია, რომ არსებობს გონივრული საფუძველი იმის ვარაუდისთვის, რომ ვლადიმერ პუტინი ინდივიდუალურად არის სისხლის სამართლებრივად პასუხისმგებელი აღნიშნულ დანაშაულებზე.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ასევე გასცა რუსეთის პრეზიდენტის აპარატში ბავშვთა უფლებების კომისრის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერი.