რატი ბრეგაძე – „სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური არ იქნებიან წინააღმდეგი, თუ უშუალოდ მსჯავრდებული ან ოჯახი წარმოადგენს ადგილზე, კლინიკა „ვივა მედში”, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართვის მიზნით სასურველ უცხოელ ექიმთა სიას”

„მსურს, გავაკეთო განცხადება დეზინფორმაციასთან დაკავშირებით, კერძოდ, თითქოსდა მიხეილ სააკაშვილთან სახელმწიფო არ უშვებს პოლონელ ექიმებს,” – ამის შესახებ  რატი ბრეგაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“მინდა, საზოგადოებას შევახსენო, რომ 2022 წლის 29 ნოემბერს შევთავაზეთ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს, ჩამოეყვანათ უცხოელი ექიმები ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან, რათა ჩართულიყვნენ მისი მკურნალობის პროცესში. შემდგომ, სამი დღის წინ, კიდევ დამატებით განვმარტეთ, რომ ჩვენი შეთავაზება ძალაშია და სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური არ იქნებიან წინააღმდეგი, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩაერთოს ნებისმიერი უცხოელი ექიმი ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან. დღეს მთავრობის სხდომაზე წამოსვლამდე, 13:00 საათის მდგომარეობით, კიდევ ერთხელ გადავამოწმე, და მინდა, თამამად გითხრათ, რომ ამ დროისთვის, ვგულისხმობ პირველ საათს, არ ყოფილა შემოსული არც მიხეილ სააკაშვილის, არც მისი ოჯახის მხრიდან რაიმე განცხადება, რომლის მიხედვითაც გვთხოვდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართულიყვნენ უცხოელი ექიმები. კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო როგორც უშუალოდ მსჯავრდებულ სააკაშვილს, ისე მისი ოჯახის წევრებს, და საზოგადოების სწორი ინფორმირების მიზნით განვმარტო, რომ სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური არ იქნებიან წინააღმდეგი, თუ უშუალოდ მსჯავრდებული ან ოჯახი წარმოადგენს ადგილზე, კლინიკა „ვივა მედში”, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართვის მიზნით სასურველ უცხოელ ექიმთა სიას და ამ შემთხვევაში ჩვენ ვუშუამდგომლებთ მათ ჯანდაცვის სამინისტროსთან, იმისთვის, რომ შემდგომ ამ ექიმებმა გაიარონ შესაბამისი პროცედურები, რათა მიიღონ საექიმო საქმიანობის ნებართვა და შეძლონ შემდგომ მსჯავრდებული სააკაშვილის მკურნალობაში ჩართვა. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიმეორებ, საქართველოში, კერძოდ, იმ კლინიკაში, სადაც ის ახლა მკურნალობს”,- განაცხადა ბრეგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები