ზურაბ აზარაშვილი: კლინიკების მომსახურების ხარისხის გაზრდის კუთხით გასულ წელს აქტიურად დავიწყეთ სხვადასხვა ღონისძიება
კლინიკების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, გასული წლიდან მოყოლებული უწყება აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა ღონისძიებას, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, ღონისძიებების ფარგლებში კლინიკებისთვის შესაბამისი სტანდარტები განისაზღვრება.
„კლინიკების მომსახურების ხარისხის გაზრდის კუთხით გასულ წელს აქტიურად დავიწყეთ სხვადასხვა ღონისძიება. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია სტანდარტების განსაზღვრა სხვადასხვა მიმართულებით. წინა შემთხვევაში განვსაზღვრეთ რეანიმაციისთვის, ახლა გვქონდა ქირურგიის სტანდარტი. ეტაპობრივად მივყვებით და ყველა მიმართულებას ექნება თავისი სტანდარტი როგორც ოთახების მოწყობის, ასევე, აღჭურვილობისა და სხვადასხვა კომპონენტის.
საბოლოოდ, 2025 წლიდან ყველა კლინიკისთვის, რომელიც ჩართულია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, გვექნება ვალდებულება, კლინიკების საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილოს. შესაბამისად, აქტიურად მივყვებით გეგმას, რაც გვაქვს ამ მიმართულებით. ვფიქრობ, ძალიან მალე კლინიკებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული მომსახურება გვექნება“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, სტაციონარული დაწესებულებებისთვის განახლებული სანებართვო პირობები დამტკიცდა. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ცვლილების მიზანია პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სამედიცინო სტაციონარული დაწესებულებების სანებართვო რეჟიმის სრულყოფა, სამედიცინო მომსახურების ხარისხის საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა.