სამების საკათედრო ტაძარში, ხატებთან ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი ლოცვები და ტროპარ-კონდაკები განთავსდა
დღეს სამების საკათედრო ტაძარში შშმ პირების, კერძოდ უსინათლოთა რელიგიური უფლებების განხორციელების ხელშესაწყობად, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით, საქართველოს საპატრიარქოსთან შეთანხმებით, ხატებთან ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი ლოცვები და ტროპარ-კონდაკები განთავსდა.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდნენ: რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე და სააგენტოს თანამშრომლები, საქართველოს უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარე, სოფიკო ხუციშვილი, უსინათლოთა კავშირის კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრის ხელმძღვანელი, თამარ ცალქალამანიძე, თბილისის 202-ე უსინათლო ბავშვთა საჯარო სკოლის დირექტორი, თინათინ საბაური და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო განაგრძობს სოციალურ პროექტს შშმ პირებისთვის. პროექტის ფარგლებში, ყოველწლიურად გამოდის ბრაილის შრიფტით აწყობილი ინტერრელიგიური კალენდარი, გამოიცა ბიბლიის ოთხი წიგნი. ლოცვები ბრაილის შრიფტით უკვე განთავსებულია ფონიჭალის წმინდა თამარის სახელობის ტაძარში.