ვეტერანთა ცენტრალური კავშირის გამგეობა 8-9 მარტის აქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გვინდა გამოვეხმაუროთ 2023 წლის 8-9 მარტს საქართველოს პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებს, რაც გამოიხატა დესტრუქციული ძალების მიერ, სამართალდამცავი ორგანოების მიმართ ზღვარგადასულ ძალადობრივ ქმედებებში, – ამის შესახებ ვეტერანთა ცენტრალური კავშირის გამგეობის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:
“მიტინგი მიზნად ისახავდა საზოგადოების დეზორიენტაციას, უკმაყოფილების გამოწვევას, აქციის მასობრივ არეულობაში გადაზრდას, საქართველოს პარლამენტის შტურმით აღებას და კანონიერი ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობას.
ა(ა)იპ „საქართველოს ვეტერანთა ცენტრალური კავშირის“ წარმომადგენლები, კატეგორიულად ვგმობთ აქციის ხელმძღვანელობისა და მისი მონაწილეების მიერ, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიმართ ჩადენილ ძალადობას, მხარდაჭერას ვუცხადებთ ხელისუფლებას და შინაგან საქმეთა სამინისტროს.
მოსახლეობის საყურადღებოდ გვინდა განვაცხადოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, ანალოგიურ სიტუაციაში კანონი ავალდებულებს, გამოიყენონ კანონმდებლობით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებები.
გამოვთქვამთ სინანულს მიტინგის ანტისაზოგადოებრივი ქმედებების აღკვეთის დროს დაზიანებული პოლიციელებისა და მოქალაქეების მიმართ”, – ნათქვამია განცხადებაში.