რუსეთი შავ ზღვაში ამერიკული დრონის ინციდენტს პროვოკაციად განიხილავს, – ამის შესახებ რუსეთის ელჩმა აშშ-ში ანატოლი ანტონოვმა განაცხადა.
„ჩვენ ამ ინციდენტს პროვოკაციად განვიხილავთ“, – აღნიშნა დიპლომატმა სახელმწიფო დეპარტამენტში ვიზიტის შემდეგ, სადაც მან ეს საკითხი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, კარენ დონფრიდთან განიხილა.
რუსი დიპლომატის თქმით, აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით ამერიკულ მხარესთან მისი კონტაქტები შეიძლება შეფასდეს, როგორც „კონსტრუქციული“.
როგორც ანტონოვმა აღნიშნა, მხარეებმა გაცვალეს პოზიციები და უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდებასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს.
შეგახსენებთ, რომ შავი ზღვის თავზე რუსული გამანადგურებელი სუ-27 ამერიკულ სამხედრო დრონს შეეჯახა. აშშ-ის ევროპული სარდლობის განცხადებით, აღნიშნული კატასტროფა „რუსების არაპროფესიონალური ქმედების“ შედეგი იყო.