„საქართველოს სტაბილური ეკონომიკური ზრდა აშკარად გამორჩეულია და მყარი ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს“ – სოსო არჩვაძე

„მსოფლიო გაურკვევლობის, მომატებული რისკების, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, საქართველოს სტაბილური ეკონომიკური ზრდა აშკარად გამორჩეულია და მყარი ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს“, – ამის შესახებ ეკონომისტმა, სოსო არჩვაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

არჩვაძემ ქვეყნის ეკონომიკის პერსპექტივის შესახებ ისაუბრა. ამასთან, მან ინფლაციის გამომწვევი მიზეზები განმარტა.

„მინდა, აქცენტი გავაკეთო თემაზე, რომელიც პოლიტიკოსებს, მედიის წარმომადგენლებს, მოსახლეობას თანაბრად აღელვებთ. ესაა ინფლაციის ტემპი. ინფლაციის მაჩვენებლებზე დიდწილადაა დამოკიდებული მოსახლეობის კეთილდღეობა, ფულადი შემოსავლების მსყიდველუნარიანობა, შემოსავლების და კეთილდღეობის დინამიკა. ერთი შეხედვით, თითქოს, საწუწუნო არ უნდა იყოს, ბოლო 2 წლის მანძილზე ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს, დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა, 200 000 -ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა, მოსახლეობის საშუალო ყოველთვიური შემოსავლების მატებამ სულ ცოტა 360 მილიონი ლარი შეადგინა, აქედან 300 მილიონზე მეტი ბიზნესსექტორში, იგულისხმება, რომ გაიზარდა საშუალო ხელფასი, ზოგადად, დასაქმებულთა რაოდენობა. ადგილი აქვს ექსპორტის ზრდას, რაც ადგილზე წარმოების მოცულობის მატებას, მეტი სამუშაო ადგილის შექმნას უზრუნველყოფს. თუ ამ კონტექსტში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რეკორდულ შემოსვლას განვიხილავთ, გასულ წელს 2-მილიარდიანი ზღვარი იყო დაძლეული, რაც საქართველოს ეკონომიკაში უპრეცედენტო მასშტაბის ინვესტიციებს წარმოადგენდა, შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ საქართველოს ეკონომიკის განვითარება საკმაოდ დამაჯერებელი ტემპებით ხორციელდება.
მსოფლიო გაურკვევლობის, მომატებული რისკების, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, საქართველოს სტაბილური ეკონომიკური ზრდა აშკარად გამორჩეულია და მყარი ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს. თუმცა, მოსახლეობის საკმაო ნაწილში გარკვეული მოლოდინები იგრძნობა იმასთან დაკავშირებით, თუ როდის ჰპოვებს აღნიშნული დამაჯერებელი ზრდა მათ კეთილდღეობაზე გავლენას. ამ ასპექტით რამდენიმე მომენტს მინდა, მივაქციო ყურადღება: საქართველო ღია, გახსნილი ეკონომიკაა, მას კავშირ-ურთიერთობები 140-ზე მეტ სახელმწიფოსთან აქვს. ჩვენს შიდა სამომხმარებლო ბაზარზე იმპორტირებული საქონლის წილი დაახლოებით ¾-ია . ეს მაჩვენებელი იმას ნიშნავს, რომ შიდა ბაზარზე ეგზოგენური ფაქტორების გავლენა დაახლოებით 3- ჯერ მაღალია, ვიდრე ქვეყნის შიგნით წარმოების, ორგანიზაციის, ზრდისა და ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი. ჩვენ მსოფლიო ბაზარზე მრავალი მილიარდი დოლარის ღირებულების საქონლის შეძენა გვიწევს და სწორედ მსოფლიო ბაზარზე ფასების ფორმირება ჩვენს შიდა ბაზარზე ახდენს გავლენას. მაგალითად, შეგვიძლია, ნავთობპროდუქტები დავასახელოთ, რომელზეც გასულ წელს 500 მილიონი დოლარით მეტი გადავიხადეთ იმ ფიზიკურ მოცემულობასთან შედარებით, რაც წინა წელს იყო შეძენილი. ეს, საბოლოოდ, ბიზნესს, მომხმარებლებს მძიმე ტვირთად აწვება. საგარეო ფაქტორების გავლენა დიდია, ასეთ პირობებში ინფლაციაზე პროგნოზის გაკეთება გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული“, – განაცხადა არჩვაძემ.

მისივე თქმით, მეორე ფაქტორი, რამაც ინფლაციის მაჩვენებელზე გავლენა მოახდინა, საქართველოში გაუთვალისწინებელი ფულადი რესურსების შემოდინებაა.

„ეკონომიკაში რისკები საკმაოდ მაღალია. თვით მძლავრი საერთაშორისო და ფინანსური ინსტიტუტები , რომლებიც პერიოდულად მსოფლიოს ამა თუ იმ რეგიონის, მათ შორის, საქართველოს შეფასებას ახდენენ, წლის განმავლობაში საპროგნოზო მაჩვენებლებს ცვლიან ხოლმე.
ინფლაციის ერთი ფაქტორი უკვე დავასახელე, მსოფლიო ბაზარზე არსებული ფასები. ამ მიმართულებით გარკვეული პოზიტიური ცვლილებები შეინიშნება. მსოფლიო ბაზარზე ნავთობპროდუქტების ფასები გასული წლის მარტის თვესთან შედარებით დაახლოებით 1/3-ითაა შემცირებული. ეს იმის საფუძველს გვაძლევს, რომ შემდგომში ფასების შემცირება კიდევ გაგრძელდეს. საქართველოს მოსახლეობას, ბიზნესს გაცილებით ნაკლები სავალუტო რესურსის გამოყოფა მოუწევს იმისთვის, რომ ნავთობპროდუქტები შეიძინოს.

მეორე ფაქტორი, რამაც ინფლაციის მაჩვენებელზე გავლენა მოახდინა, საქართველოში გაუთვალისწინებელი ფულადი რესურსების შემოდინებაა. რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის გამო მრავალი ათეულ ათასი რუსეთის, და არა მარტო რუსეთის მოქალაქე საქართველოში შემოვიდა და მათ მიერ ქვეყანაში დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის თანხის შემოტანა მოხდა. ამ თანხის დახლოებით 60 % მიმდინარე მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე წარიმართება. როდესაც ქვეყანაში მყოფ მოსახლეობაში ამ რეზიდენტების წილი მკვეთრად იზრდება, საქართველოს ტერიტორიაზე შექმნილ დოვლათში მათი მოხმარების წილიც იზრდება. ამიტომ, შეიძლება, თამამად ითქვას: რომ არა უცხო ქვეყნის მოქალაქეების აღნიშნული შემოსვლა, ჩვენი ეკონომიკური ზრდა ვერ იქნებოდა ორნიშნა, იქნებოდა საკმაოდ მაღალი, გაცილებით მაღალი ვიდრე ჩვენს სამეზობლოში, მაგრამ დაახლოებით 1, 5 პროცენტული პუნქტით ნაკლები. ორნიშნა ზრდის პარალელურად საქართველოს ეკონომიკაში სამომხმარებლო ბაზარზე აჟიოტაჟური მოთხოვნა, საქონლის ფასების ზრდა დაფიქსირდა, განსაკუთრებით უძრავ ქონებაზე. რომ არა ეს გარემოება ერთნიშნა ეკონომიკური ზრდის პირობებში ერთნიშნა ინფლაცია გვექნებოდა არა დეკემბერში, არამედ გაცილებით ადრე, 5-6 თვით ადრე პერიოდში. ეს ფაქტორები მუშაობას აგრძელებს. პერსპექტივაში ეკონომიკის ისეთი ზრდა გვინდა, რომელიც შიდა რესურსების რაციონალურ გამოყენებაზე იქნება დაფუძნებული და ჭარბი ფულის მასის შემოდინებასა და საქართველოში დახარჯვასთან არ იქნება დაკავშირებული. ეს ეროვნული ვალუტის ზომაზე მეტად გამყარებასაც იწვევს. რეალურად დღეს მისი კურსი არა 2,6, არამედ სადღაც 2,8 – 2,9 -ის ფარგლებში უნდა იყოს. მეტისმეტად გაძვირებული ეროვნული ვალუტა ჩვენს საგარეო სავაჭრო ურთიერთობებში დამატებით ბარიერებს ქმნის“, – განაცხადა არჩვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები