“საქართველოს ხელისუფლებამ მტერი სხვაგან უნდა ეძებოს” – უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში კატეგორიულად უარყოფენ საქართველოში გაკეთებულ განცხადებებს, რომ, თითქოს, უკრაინა საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებდა, რისთვისაც ქვეყანაში სამოქალაქო შუღლის გაღვივებისთვის გარკვეული ძალებიც გაგზავნა.
ამის შესახებ უწყების სპიკერმა, ოლეგ ნიკოლენკომ სოციალურ ქსელში დაწერა.
“ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოს პრემიერმინისტრმა და ქვეყნის პარლამენტის ხელმძღვანელობამ უკრაინის მიმართ არაერთი არამეგობრული განცხადება გააკეთეს.
ისინი იმეორებდნენ რუსული პროპაგანდის თეზისებს და უკრაინა დაადანაშაულეს საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მომზადებაში, ქვეყნის რუსეთთან ომში ჩათრევასა და სამოქალაქო ომის გასაჩაღებლად ძალების გაგზავნაში.
ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ ისეთ ინსინუაციებს, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო რეალობასთან.
საქართველოს ხელისუფლებამ მტერი სხვაგან უნდა ეძებოს.
ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ქართველი პოლიტიკოსების განცხადებები ვერ შეარყევს უკრაინელი და ქართველი ხალხების მტკიცე მეგობრობას. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ქართველების მხარდაჭერას იმ დროს, როდესაც უკრაინელები დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან. თავის მხრივ, უკრაინა იყო და დარჩება ქართველი ხალხის მეგობარი, რომელსაც ვუსურვებთ არ გაჩერდეს ევროპული მომავლის განვითარებაში”, – ნათქვამია ინფორმაციაში.