თურქეთში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 48 000-ს მიაღწია.
ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომელიც დღეს ჰათაის პროვინციაში ჩავიდა და კირიკხანის, სამანდაგისა და დეფნეს რაიონებს ეწვია.
ერდოღანი კირიხანის სტადიონზე გაშლილ კარვების ქალაქში იმყოფებოდა და იქ მყოფ მოსახლეობას გაესაუბრა.
მისი თქმით, “დაღუპულთა რიცხვი 48 000-ია, დაშავდა 115 000-ზე მეტი ადამიანი. დაახლოებით, 50 000 შენობა დაინგრა”.
ერდოღანის თქმით, სტიქიურმა უბედურებამ “უზარმაზარი ზიანი მიაყენა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას”.
თურქეთის ლიდერმა მადლობა გადაუხადა იმ სახელმწიფოებს, რომლებმაც ქვეყანას დახმარების ხელი გაუწოდეს.
მისი თქმით, დაზარალებულ რაიონებში მაშველები და ექიმები 90 ქვეყანამ გაგზავნა.