დავით სონღულაშვილი: კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება შეცდომა იყო, არ გავურბივარ პირად პასუხისმგებლობას და ვთვლი, რომ თავადაც დიდი შეცდომა დავუშვი
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის გარშემო ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც სონღულაშვილი აღნიშნავს, რომ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება შეცდომა იყო.
„მინდა, ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს გამოვეხმაურო. კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება ნამდვილად შეცდომა იყო. არ გავურბივარ პირად პასუხისმგებლობას და ვთვლი, რომ თავადაც დიდი შეცდომა დავუშვი. ჩემს ყველა გულშემატკივარს, ყველას, ვისაც ვიცნობ და არ ვიცნობ, ყველას, ვისაც პატივს ვცემ, ახალგაზრდებს, ჩემს მეგობრებს და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, რომელთა აზრიც ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანია, ყველას გასაგონად მინდა ვთქვა: მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება, მათ შორის, პარლამენტში მოსვლის დღიდან, მიმაჩნდა და მიმაჩნია დღესაც, რომ საქართველოს გამთლიანებისა და განვითარების ერთადერთი სწორი გზა ევროპისკენაა. ამიტომაცაა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული“, – წერს სონღულაშვილი Facebook-ზე.
შეგახსენებთ, რომ „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს, რომელსაც პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა, საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქციები მოჰყვა. „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ და „ხალხის ძალამ“ კანონპროექტის უკან გაწვევის გადაწყვეტილება მიიღეს და ის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით ჩააგდეს.