მამუკა მდინარაძე: კანონი ჩავარდება პირველივე სხდომაზე, როგორც ამას საქართველოს რეგლამენტი ითვალისწინებს
„კანონი ჩავარდება პირველივე სხდომაზე, როგორც ამას საქართველოს რეგლამენტი ითვალისწინებს. თუკი ვინმეს უნდა ამ ფორმალიზმთან დაკავშირებით სპეკულაციებით რაღაც მუხტი შეინარჩუნოს, პასუხისმგებელი იქნება თითოეული ადამიანის ფრჩხილის ტკენაზეც”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ “ხალხის ძალის” კანონპროექტებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ტექნიკურ დეტალებზე საუბარი სპეკულაციაა.
“აბსოლუტური სპეკულაციაა რაღაც ფორმალურ და ტექნიკურ დეტალებზე საქმის გადატანა და ამით მუხტის შენარჩუნება. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც ყველა ხვდება, რომ უკან ვერავინ წაიღებს, თორემ ხალხის პროტესტზე თუა საუბარი, ათმაგი იქნება უკან წაღების შემთხვევაში. ეს წარმოუდგენელი ამბავია. წმინდა ტექნიკური და ფორმალური თვალსაზრისითაც მინდა განგიმარტოთ, რომ პირველ მოსმენამდე შესაძლებელია გაწვევა და ერთი კანონის შემთხვევაში ეს ასე მოხდა. რადგან მეორე კანონი პირველი მოსმენით არის მიღებული, გაწვევა და დაჩქარებულად განხილვაც შეუძლებელია იგივე რეგლამენტის თანახმად. აქედან გამომდინარე წმინდა წყლის სპეკულაციაა. ამავე ლოგიკით შეგვიძლია ნებისმიერი სხვა გაწვეული კანონი დავაინიციროთ და დაჩქარებული წესით მივიღოთ, ასეთ რაღაცაზე თუ წავა რომელიმე პოლიტიკური გუნდი. ეს ყველაფერი არის წმინდა წყლის ტექნიკური და ფორმალური საკითხი“,- განაცხადა მდინარაძემ.